რამდენი დახარჯეს ჩინოვნიკებმა მოგზაურობაში და რომელმა დეპუტატმა დამალა საჯარო ინფორმაცია

09.05.26 20:54
რამდენი დახარჯეს ჩინოვნიკებმა მოგზაურობაში და რომელმა დეპუტატმა დამალა საჯარო ინფორმაცია

მილანი, ვენეცია, დუბაი, მონაკო - ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც "ქართული ოცნების" დეპუტატები დასასვენებლად ირჩევენ. წესით, ასეთი ტიპის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს, ეს დოკუმენტები უნდა აჩვენებდეს, რა შემოსავალი აქვთ დეპუტატებს და რამდენს  ხარჯავენ, თუმცა "შაბათის ეთერმა" აღმოჩინა, რომ ხარჯების დიდ ნაწილი დეკლარაციიდან გამქრალია.  

პარტია "ქართული ოცნების წევრების" ნაწილმა 2025 წელს მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს უკვე წარუდგინა, მათ შორის დეპუტატი გელა სამხარაულია, თუმცა მას ხარჯებში არ უწერია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა და დასვენება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. 

2025 წლის იანვარში გადაღებულ ვიდეომასალაში Coldplay​-ის კონცერტზე დასასწრებად აბუ-დაბიში  ჩასული "ქართული ოცნების" სამი დეპუტატი ჩანს - მათ შორის არის გელა სამხარაულიც. მმართველი პარტიის წევრები, ზარქუა, სამხარაული და სანიკიძე  აბუ-დაბის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში იას "აილენდში" ისვენებენ. აქ  ნომრის ღირებულება 2000 ლარიდან იწყება და 6000 ლარს აღწევს. 

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი თანამდებობის პირს ავალდებულებს, ყოველ წლიურად დოკუმენტებში ზუსტად ასახოს შემოსავალი და გასავალი. აღრიცხოს შეძენილი ქონება, მისი ღირებულება, საყოფაცხოვრებო  ხარჯი. მათ შორის  სწავლაში, რემონტში, მოგზაურობასა თუ  შოპინგში დახარჯული,  თუკი ეს თანხა 5 ათას ლარს აჭარბებს. სამოგზაურო ხარჯი დეკლარაციაში უნდა აისახოს მაშინაც თუკი ის თანამდებობის პირმა ვინმესგან საჩუქრად მიიღო.

"ქართული ოცნების" დეპუტატის გელა სამხარაულის ქონებრივ დეკლარაციაში კი ეს  გრაფა  თავისუფალია.  აბუ-დაბიში ყოფნისას დახარჯულ ფულზე არაფერია ნათქვამი არც დეპუტატ ვიქტორ სანიკიძის დეკლარაციაში. ინდოეთში მეუღლესთან ერთად მოგზაურობა  დამალა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმაც. გრაფა, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯი უნდა ეწეროს მის შემთხვევაშიც ცარიელია.

ეკონომიკური კომიტეტის პოლიტიკის სხდომაზე მყოფი 9 წევრიდან 3 მილიონერია - ბერეკაშვილი, ბარვენაშვილი და ობოლაშვილი. თუმცა, მათგან მდიდრულ დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შოთა ბერეკაშვილმა ასახა. თუ აუდიტის სამსახურში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ბარვენაშვილსა და ობოლაშვილს ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, უკვე წლებია, არც უმოგზაურიათ და არც დაუსვენიათ. ყოველ შემთხვევაში ეს ხარჯები დეკლარაციებში არ ჩანს.  გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც ივანიშვილის პარტიის  ლიდერებს კომოს  ტბაზე საკუთარი ხარჯებით მასპინძლობდა,  დოკუმენტებში ამტკიცებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგზაურობაში ფული საერთადოთ არ დაუხარჯავს. 2025 წელს იყიდა მხოლოდ  762 ათასი ლარის ღირებულების ბენტლი.

2025 წელს მილანში  მოგზაურობის ხარჯი ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა, "ქართული ოცნების" სპორტსმენმა დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ. ვენეციაში მეუღლესთან ერთად დასვენებისას დახარჯული ფულის ოდენობას მალავს გენო პეტრიაშვილიც. ცარიელის ეს გრაფა დეპუტატ დავით კაჭარავას დეკლარაციაში. დეპუტატი საყოფაცხოვრებო ხარჯში მხოლოდ სწავლის გადასახადს უთითებს. 

ძვირადღირებული მოგზაურობების შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა ჩაწერა:  ნინო წილოსანმა შვებულება 2025 წელს ამერიკაში გაატარა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ქართული ოცნების" დეპუტატს ეს მოგზაურობა  53 ათას 853 ლარი დაუჯდა.

625 ათას  ლარზე მეტი დახარჯა ვახტანგ თურნავამ მოგზაურობასა და შოპინგში, თუმცა ეს თურნავას მიერ 2025 წელს გაწეული ერთადერთი მსხვილი ხარჯი არ არის. 2026 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ თურნავამ მილიონ 400 ათასი ევრო იტალიაში საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაიხადა.   89 ათას 677 ევრო დაუჯდა ახალი სახლისთვის ავეჯი.

774  ათას ლარს გადააჭარბა ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის საყიდლებისა და  სამოგზაურო ხარჯებმა.  

აუდიტის სამსახურის მიერ შაბათის ეთერისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წელს უწყებამ  მონიტორინგისთვის 394 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია გამოკვეთა. ამ დროისთვის დაჯარიმებულია მხოლოდ ერთი, დანარჩენი შემოწმების პროცესშია. გაბიტაშვილის უწყება ამბობს, რომ არც ერთი პირის საქმე შესასწავლად პროკურატურას არ გადასცემია.   

რას მალავენ დეკლარაციებში - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი