ექსკლუზივი: საყდრისის შემდეგ მძიმე ტექნიკა ახალ ტერიტორიაზე გამოჩნდა! - სად ეძებენ ოქროს?

09.05.26 21:17
ექსკლუზივი: საყდრისის შემდეგ მძიმე ტექნიკა ახალ ტერიტორიაზე გამოჩნდა! - სად ეძებენ ოქროს?

საყდრისის აფეთქების შემდეგ, ოქროს მომპოვებელი კომპანიის ახალი სამიზნე დარბაზის ხეობის 6 სოფელია.

როგორც "შაბათის ეთერიდან" აწვდიან ინფორმაციას, მთაზე, რომელიც ამ სოფლებს ესაზღვრება, "არემჯიმ" მძიმე ტექნიკა უკვე აიყვანა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ადგილობრივებისთვის არავის არაფერი უთქვამს.

  • "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული ვიდეომასალით უტყუარად დასტურდება, რომ დარბაზის ხეობაში, სპეცტექნიკა შეყვანილია. წყლის რეზერვუარები და საწვავის მარაგიც მობილიზებული. ძვირფასი მადნისთვის გამზადებული სპეციალური კონტეინერების ერთი ნაწილი, სასრგებლო წიაღისეულით უკვე შეავსეს და ხეობიდან საკვლევად გაიტანეს, ცარიელი ჭურჭელი კი ოქროსშემცველი მერქანის ამოღებას ელოდება.

რა სახის ნებართვებითა და ლიცენზიებით მუშაობს მძიმე ტექნიკა ხეობაში, როდის გაიცა ახალი ტერიტორბის გადათხრის და ოქროს მოპოვების ლიცენზიები და რა ფასად? 

  • გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ქვემო ქართლის განყოფილების წარმომადგენელი, სანდრო ჭიტაშვილი "შაბათის ეთერთან" ადასტურებს, რომ ბოლნისის რიონის სოფელ დარბაზში, სამუშაოები მიმდინარეობს, ლიცენზია კი კომპანია "არემჯი კოპერზეა" გაცემული.
  • მინერალური რესურსების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც "შაბათის ეთერთან" სალაპარაკოდ ჩამოვიდა, ვერც ლიცენზიის გაცემის თარიღს აზუსტებს, ვერც ამ ლიცენზიის ფასს და სხვა დეტალებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ შეკითხვებზე პასუხების მიღება ჟურნალისტებს მხოლოდ წერილობით შეუძლიათ. 
  • სახელმწიფო უწყებების შემდეგ, მთავარი მოპასუხე არემჯი გოლდია. კომპანიაში ,,დარბაზის ხეობის’’ მიმართ ინტერესს ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ჯერ ტერიტორიაზე მხოლოდ საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ოქროს მოპოვება არ დაწყებულა.​
  • სატყეო სააგენტო კიდევ ერთი უწყებაა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი, როდის და რა მოცულობის ხე-ტყის ჭრაზე გაიცა ნებართვა?! და რაც მთავარია, რამდენად მიზანშეწონილია მწვანე საფარის განადგურება, კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ?! 

სოფელში განგაშია - ტყე და იალაღები აქ 400 კომლიან სოფელში თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. აქ სოფლები სწორედ ამ გარემოს გამო არ დაიცალა, ხალხი ამბობს, რომ შეშის მოსაჭრელად ნებართვებს ვერ იღებენ, "არემჯი" კი ხეებს ჭრის და მარხავს.

"შაბათის ეთერის" მიერ ოქროს საძიებო სამუშაოებით დაინტერესების შემდეგ, ბოლნისის მერიამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. უწყებაში არ უთქვამთ, რომ ოქროს მოპოვება არ იგეგმება, დაწერეს მხოლოდ ის, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ცდილობენ ადგილობრივები დარწმუნონ, რომ მთების კარიერებად გადაქცევა სოფლებისთვის ზიანის მომტანი არ იქნება და იმაშიც, რომ ბურღვის ხმაური მათთან ვერ მიაღწევს. "არემჯი გოლდის" რუსი მფლობელი, დიმიტრი ტროიცკია. ივანიშვილის და რუსი მილიარდერის ბიზნესპარტნიორობა ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დარბაზის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. კორუფციის მკვლევარების თქმით, ადამიანი, რომელიც მოსკოვის 200 უმდიდრეს პირს შორის ირიცხება და "სისტემური ოლიგარქის" სტატუსს ატარებს, ივანიშვილის დაკომპლექტებული ხელისუფლებისგან იღებს უპრეცენდენტო მხარდაჭერასა და პრივილეგიებს.

ხვალ, დარბაზის ხეობის 6 სოფელი შეიკრიბება და სახალხო კრებას მოაწყობს. ეს იქნება მათ შორის სამართლებრივი ბრძოლის დასაწყისიც, სოფლის თავზე, ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შესაჩერებლად. ხეობა აპირებს დაამტკიცოს, რომ მიწის ქვეშ არსებულ ოქროზე ძვირფასი, ადამიანები და მათი სიცოცხლეა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟებზე დრამატულად იზრდება. თუ 2021 წლის დასაწყისში ფასი უნციაზე დაახლოებით 1,940$ იყო, 2026 წლისთვის მან ისტორიულ მაქსიმუმს 4700 დოლარს მიღწია. მარტო შარშან საქართველოში მოპოვბეს და გასაყიდად გაიტანეს, 339 მილიონის ძვირფასი ლითონები. წელს კიდევ უფრო მეტი გააქვთ. იანვარ-თებერვალში საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 216.8%-ით გაიზარდა მხოლოდ ამ მოკლე პერიოდში 125 მილიონ ლარს გადააჭარბა. ოქროს საქართველოში რუსი ბიზნესმენების კომპანია მოიპოვებს, გასაყიდად ჩინეთში გადის.

ოქროს ახალი კარიერები ბოლნისში - მაკა ჩიხლაძე დეტალებით