მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი ღრმა ინტეგრაციის შეთანხმებას აფორმებენ — „ოცნება“ დუმს

10.05.26 20:15
მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი ღრმა ინტეგრაციის შეთანხმებას აფორმებენ — „ოცნება“ დუმს

ცხინვალი მოსკოვთან კიდევ უფრო ღრმა დაახლოებას იწყებს. კრემლში გაფორმებული ახალი შეთანხმება, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს, „ღრმა ინტეგრაციას“ ითვალისწინებს და, ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა საბოლოოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან ფაქტობრივი გაერთიანების პროცესში გადაიზარდოს.

გაგლოევის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობები „ახალ ეტაპზე გადავიდა“ და შეთანხმება შესაძლოა „ოსი ხალხის გაერთიანების“ საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განცხადება ირიბად ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების იდეასაც ეხება.

შეთანხმების მიხედვით, გაფართოვდება თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ დაახლოებას რუსულ მოდელთან. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ამტკიცებს, რომ ცხინვალის მოსახლეობა რუსეთთან ინტეგრაციისთვის მზად არის.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე კმაყოფილება არ დაუმალავს თავად ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც შეთანხმებას ორ მხარეს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა უწოდა.

მოსკოვში გაფორმებულ დოკუმენტზე ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ივანიშვილის გუნდი პროცესს დუმილით ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშში რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დასახელებული.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები