„ოცნების“ დეპუტატების დაუდეკლარირებელი მოგზაურობები - რატომ დუმს აუდიტის სამსახური

10.05.26 20:25
„ოცნების“ დეპუტატების დაუდეკლარირებელი მოგზაურობები - რატომ დუმს აუდიტის სამსახური

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ძვირადღირებული მოგზაურობები, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციებში არ ფიქსირდება, კორუფციის მკვლევარებისთვის შესაძლო სამართლებრივი დარღვევების ნიშნებს შეიცავს. საუბარია მილანზე, ვენეციაზე, დუბაიზე, მონაკოსა და სხვა ელიტურ მიმართულებებზე, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასულ წელს ისვენებდნენ.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილმა მოგზაურობებსა და დასვენებაში გაწეული ხარჯები აუდიტის სამსახურს საერთოდ არ დაუდეკლარირა. სწორედ ეს აჩენს კითხვას — თუ თანხების წარმომავლობა კანონიერი იყო, რატომ არ აისახა ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტებში.

დაუდეკლარირებელ მოგზაურობებში ფიგურირებს დეპუტატი გელა სამხარაული, რომელიც გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ძვირადღირებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. მედიის ინფორმაციით, სასტუმროში ნომრის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან იწყება. სამხარაული აბუ-დაბიში იანვარში, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, Coldplay-ის კონცერტზე დასასწრებად იმყოფებოდა.

აბუ-დაბიში გაწეული ხარჯები არ ფიქსირდება არც დეპუტატ ვიქტორ სანიკიძის დეკლარაციაში. მოგზაურობის ხარჯების გრაფა ცარიელია მმართველი გუნდის სხვა სპორტსმენი დეპუტატების შემთხვევაშიც. უცნობია, რამდენი დახარჯა ლაშა ტალახაძემ ევროპაში მოგზაურობისას, ხოლო გენო პეტრიაშვილი ვენეციაში მეუღლესთან ერთად დასვენების ხარჯებს არ ასაჯაროებს. ანალოგიური ვითარებაა დეპუტატ დავით კაჭარავას დეკლარაციაშიც.

კორუფციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა თანამდებობის პირებს ავალდებულებს, ყოველწლიურად სრულად ასახონ შემოსავლები და 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხარჯები, მათ შორის მოგზაურობასა და დასვენებაში დახარჯული თანხებიც.

ვვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები