"ნატოში" საქართველოს ტრაექტორიაზე შეშფოთებას ადასტურებენ — „პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან

11.05.26 18:28
"ნატოში" საქართველოს ტრაექტორიაზე შეშფოთებას ადასტურებენ — „პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან

ნატოს წარმომადგენელი „პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ალიანსში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველობის მიმართულებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს.

კევინ ჰამილტონის თქმით, "ნატო" მხოლოდ სამხედრო გაერთიანება არ არის და პარტნიორი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარდა დემოკრატიული ღირებულებების დაცვასაც ელოდება.

ნატოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს მიმართ „კეთილი ნებიდან“ გამომდინარეობს და მიზნად ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ისახავს. მისივე განცხადებით, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება, მოქალაქეების თავისუფლება და დემოკრატიის ხარისხი.

კევინ ჰამილტონის განცხადებით, ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების მზაობა საქართველოსთან დაკავშირებით არ არსებობს, რადგან არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ალიანსს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკაზე ამახვილებინებს ყურადღებას. თუმცა, წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს და საქართველოს მოუწოდებს, ნატოსთან თანამშრომლობა და შესაძლებლობების განვითარება გააგრძელოს.

ნატო უფრო მეტია, ვიდრე უბრაოდ სამხედრო ალიანსი. ჩენ ვართ დემოკრატიების ალიანსი და გვაქვს ღირებულებები.  ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოლოდინები ჩვენ პარნტიორ და ასპირანტ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო.  ასე რომ, საქმე მხოლოდ უსაფრთხოებასა და სამხედრო თავსებადობას არ ეხება, არამედ იმ ერის ხასიათს, რომელთანაც პარტნიორობა გვაკავშირებს. გულწრფელი უნდა ვიყო, ალიანსის შიგნით არსებობს შეშფოთება ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველობის ტრაექტორიასთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი ზუსტად ამ საკითხებზე. ევროპული და სხვა ქვეყნების მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გარკვეული კრიტიკა ისმოდა. მე მოვუწოდებდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს კრიტიკა კონსტრუქციულად მიიღოს. ის კეთილი ნებიდან გამომდინარეობს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ვხედავთ. სწორედ ამიტომ გამოვთქვამთ ამგვარ წუხილებს . იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, მისი მომავალი, უსაფრთხოება, მისი ხალხის თავისუფლება და ქართული დემოკრატიის ხარისხი.

ახლა რომ მკითხოთ, არის თუ არა ამ მომენტში ნატოს გაფართოების მზაობა საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, გულწრფელად გიპასუხებთ, არა. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა. ალიანსი ახლა სრულად არის ფოკუსირებული თავდაცვისა და შეკავების საკითხებზე.

თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. სულ რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსს შეუერთდებოდნენ, მაგრამ ეს მოხდა და თანაც ძალიან სწრაფად. ამიტომ, ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ არის შემდეგი: გააგრძელეთ კარგი მუშაობა ნატოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის კუთხით, მიჰყევით შესაძლებლობების განვითარების იმ გზას, რომელიც ერთობლივად დავსახეთ და იყავით მზად იმ დღისთვის როცა ეს დადგება, - განაცხადა ჰამილტონმა. 

ნატოს წარმომადგენელი „პირველებთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის დონე შემცირდა და ნატო-საქართველოს კომისიაც დიდი ხანია აღარ შეკრებილა. თუმცა, მისი თქმით, ალიანსი არ აპირებს საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციებისა და თანამშრომლობის დაკარგვას.

კევინ ჰამილტონი ასევე ეხმაურება განცხადებებს, თითქოს ალიანსი ქვეყნებს ომში ჩართვას ცდილობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ნარატივები ფაქტებს არ შეესაბამება. მისი თქმით, ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და მსგავსი გზავნილები მხოლოდ ალიანსის მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება. 

პოლიტიკური დიალოგის დონე ბოლო პერიოდში დაიწია. ნატო-საქართველოს კომისია უკვე კარგა ხანია არ შეკრებილა. ასე რომ, ამას რა თქმა უნდა ჰქონდა გარკვეული გავლენა. თუმცა, ჩვენ ასევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ის მთელი ინვესტიცია, რომელიც ნატომ საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადო,  და გულწრფელად რომ ვთქვათ, ის ინვესტიციაც, რომელიც საქართველომ ალიანსში ჩადო , არ დაიკარგოს და არ იქნას მიტოვებული. თუმცა, ჩვენ ველოდებით პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში მანამ, სანამ შევძლებთ უფრო მაღალ და დახვეწილ პოლიტიკურ დიალოგზე დაბრუნებას.
დიახ, ნამდვილად. იცით, ნატოს პარტნიორობა ორმხრივი პროცესია. ვფიქრობ, შემიძლია 32-ვე მოკავშირის სახელით ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ და ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან სიგნალს, რათა კვლავ გავააქტიუროთ პოლიტიკური დიალოგი.  საქაერთველომ იცის რა არის კრიტერიუმები: კანონის უზენაეობა  და აადამიანის უფლებების დაცვა, რათა ჩავერთოთ დიალოგში. 

მე პირველ რიგში ვთხოვდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ ფაქტებს. ეს ნარატივი, თითქოს ნატო რომელიმე ქვეყნის რაიმე სახის ომში ჩათრევას ცდილობს, უბრალოდ არ შეესაბამება არც არსებულ ფაქტებს და არც ალიანსის ისტორიას. ჩვენ ფუნდამენტურად თავდაცვითი ორგანიზაცია ვართ. ჩვენი მიზანია ევროპის კონტინენტისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაცვა საფრთხეებისგან. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ჩვენ სხვა რაიმე დღის წესრიგი გვაქვს, გულწრფელად რომ ვთქვათ, მცდარია და მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ნარატივს აძლიერებს. ეს არ ეხმარება ნატოს, არ ეხმარება საქართველოს და, სიმართლე გითხრათ, არავის ეხმარება, - განაცხადა ჰამილტონმა. 

მსგავსი სიახლეები