ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი - შიო III-ის სიტყვა შედეგების გამოცხადების შემდეგ
"ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ განაცხადა.
"გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება", - თქვა ახალმა პატრიარქმა და მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
"ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავრნო პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც.
უპირველესად, მადლობას ვწირავ მამა ღმერთს, ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე, მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხორუწყუს ეპარქიის მფარველს წმინდა ღირს ალექსის სენაკელს, შუშანიას და სხვა ჩვენს სასიხარული მოღვაწე წმინდანებს შემწეობისა თუ მფარველობისთვის.
მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვთელმთავრებს, ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს, განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სენაკისა და ჩხორუწყუსა ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიხარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის.
დიდი მადლია და წყალობა ღვთისა, ამავდროულად მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა, შეუძლებელია უფლის განგების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის, დამსახურების მოცემა და დაკისრება ჩემთვის. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება.
ვმსახურებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდათა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვას, ასევე ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს. გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
მოგეხსენებათ დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი, ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხდომილობის დღესასწაული, ამიტომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ, სვეტიცხოველში, მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე“,- აღნიშნა შიო III-მ.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.