სააკაშვილის მიმართვა შიო მესამეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს და მოუწოდებს, გააგრძელოს ილია II-ის გზა, გააძლიეროს ეკლესია და ხელი შეუწყოს „რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას“. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ის ყველა მოქალაქისთვის „სულიერ საყრდენად“ უნდა დარჩეს.
„გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან“, — წერს სააკაშვილი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს
მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.
მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.
ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა.
სინოდის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: [კენჭისყრაში მონაწილეობა სინოდის 39-მა წევრმა მიიღო].
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 22 ხმა
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 9 ხმა
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა
- ერთი ხმა გაუქმდა.
გაფართოებულ კრებას, სადაც ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი აირჩიეს 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.