როგორ დაიწყებს შიო III პატრიარქობას - მიმართავს თუ არა "ოცნებას" სინდისის პატიმრების შეწყალების მოთხოვნით?
როგორ დაიწყებს შიო მესამე პატრიარქობას - მიმართავს თუ არა ივანიშვილის გუნდს სინდისის პატიმრების შეწყალების მოთხოვნით? - მოსაყდრეობის დროს მეუფე შიომ და წმინდა სინოდმა ორჯერ მიმართა ქართულ ოცნებას პატიმრების გამოშვების თხოვნით, თუმცა, მისი თხოვნები არ გაითვალისწინეს.
წმინდა სინოდი ახლა ცვლილებების მოლოდინშია, - არ გამორიცხავენ, რომ ახალი პატრიარქი ახალ წესებს დაადგენს.
მრევლიც ცვლილებების მოლოდინშია - ახალი პატრიარქის არჩევის დღე სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში იყო.
ეპისკოპოსებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში დღეს დელეგატებიც იმყოფებოდნენ. სამოქალაქო პირები, ვინც კონკრეტულმა ეპარქიებმა წარუდგინეს. ერთ-ერთი გოგა ხაინდრავა იყო, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, რომელმაც ადგილი სამებაში ერთ-ერთმა პირველმა დაიკავა.
გოგა ხაინდრავა მალავს, რომელმა ეპარქიამ წარადგინა პატრიარქის არჩევის დღეს დელეგატად - ხაინდრავა დღეს ყურადღების ეპიცენტრში მოქცევას ცდილობდა - შედეგების გამოცხადების შემდეგ, ადგილი სამების კიბეზე დაიკავა და ახალ პატრიარქს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა - ჯერ მეუფე საბამ მიანიშნა, რომ გვერდით გაწეულიყო , შემდეგ ახალმა პატრიარქმა, ბოლოს კი საქმეში საპატრიარქოს დაცვის სამსახურის უფროსი ჩაერთო.
ხაინდრავასთან ერთად დელეგატებს შორის იყო დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული საქმიანობისთვის სანქცირებული ლევან ვასაძე. ვასაძე და ახალი პატრიარქი მეგობრები არიან. სუს-ის ფაილები მათი მჭიდრო კავშირების შესახებ არაერთ ჩანაწერს ინახავს. შიო მესამე და ლევან ვასაძე ტვ პირველმა უკვე სიონში გადაიღო, სადაც პატრიარქმა ჩოხოსანი დალოცა. ლევან ვასაძის თანამებრძოლი გურამ ფალავანდიშვილი დელეგტაცთა შორის არ იყო, მაგრამ სამებაში მაინც მივიდა და პროცესებს ეზოდან აკვირდებოდა.
დელეგატთა შორის აღმოჩნდა მაკა ასათიანიც - მოდელი და ბიზნესმენი სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა, თუმცა, არ ვიცით, რომელმა ეპარქიამ და რა დამსახურებით მიიპატიჟა.
სამებაში იყვნენ ორი დიდი უნივერსიტეტის რექტორებიც - გაფართოებულ კრებას ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელიც.
1200-მდე დელეგატი ახალი პატრიარქის არჩევას დაესწრო - ხვალ კი ყველა ინტრონიზაციის მოლოდინშია.