"ბრძოლა ბოლომდე", "წამალი ბავშვებს"- რა ხდებოდა "ღიმილის ბიჭების" სასამართლოზე
შეძახილები, ხმაური და პროტესტი სასამართლო დარბაზში - ასეთ ფონზე გამოაცხადა მოსამართლე პაატა სილაგაძემ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გადაწყვეტილება. მოსამართლემ რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პაატა სილაგაძეს სათათბიროდ გასვლაც კი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ „ღიმილის ბიჭები“ კვლავ პატიმრობაში დაეტოვებინა.
8 სინდისის პატიმრიდან საბოლოო სიტყვით მხოლოდ სამმა ისარგებლა. დარბაზში მყოფებს ზვიად ცეცხლაძემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და თორნიკე გოშაძემ მიმართეს. სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მოსამართლე არ მისცა. მოსამართლე სილაგაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მსჯავრდებულების მხრიდან „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა რის გამოც მსჯავრდებულებს სხდომათა დარბაზიდან გაძევებით რამდენჯერმე დაემუქრა.
კიდევ ერთ მსჯავრდებულს, ვეფხია კასრაძეს, საზოგადოებისადმი მიმართვის სურვილი ჰქონდა. აგვისტოს ომის მონაწილე იმ სინდისის პატიმრებს შორისაა, რომლისგანაც, ოცნებამ აღიარებითი ჩვენება ვერ მოისმინა. კასრაძე ამბობს, რომ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ დაადგინა ბრალდებამ მისი ჯგუფურ ძალადობაში ორგანიზატორობა. მოსამართლემ აგვისტოს ომის მონაწილეს საბოლოო პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
ჩემი შეწყალების უფლება ყაველაშვილს არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე ამის უფლებას არ ვაძლევ - ეს სინდის პატიმრის თორნიკე გოშაძის სიტყვებია. ის ამბობს, რომ არ არსებული ბრალის აღიარებს არ აპირებს და შესაბამისად საქართველოს ევროპული მომავლისთვის უკომპრომისო ბრძოლას აპირებს.
კიდევ ერთი „სინდის პატიმარი“, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძეა. სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ პოლიციამ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარა და ბინაში აალებადი ნივთიერებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავად მოათავსეს, რაც მიზნად წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას უკავშირდებოდა.
„მიეცით ბავშვებს წამალი“ - სწორედ ამ შეძახილით დაიწყეს საბოლოო სიტყვები სინდისის პატიმრებმა, გამონაკლისი არც ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო. სამოქალაქო აქტივისტმა საბრალდებო სკამიდან სრულ სოლიდარობა გამოხატა იმ ბავშვებისა და დედების მიმართ, რომლებიც, რამდენიმე კვირაა წამლის მოთხოვნით ქუჩაში დგანან.