პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია იწყება - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

12.05.26 10:18
პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია იწყება - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

 

 

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო - რამდენიმე წუთში მოხდება ახალარჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია.

სვეტიცხოველში დილიდან იკრიბებიან სასულიერო პირები, მრევლი და  პოლიტიკოსები.

ცერემონიალს ესწრებიან "ქართული ოცნების" ლიდერები და პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. კადრებში ჩანს ოპოზიციის ნაწილი და სახალხო დამცველი. 

ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა. 

სვეტიცხოვლის ეზოში და ეზოს გარეთ დამონტაჟებულია სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები. 
ტაძრის მიმდებარედ მობილიზებულია დიდი რაოდენობის პოლიციაც. 

ცნობილია, რომ საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს:  საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას.

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.