„რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“ - კალუგინი

12.05.26 12:57
„რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“ - კალუგინი

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი, მიხაილ კალუგინი აცხადებს, რომ ბრიუსელის მცდელობა, საქართველო ანტირუსულ პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაერთო, საბოლოოდ თავად ევროკავშირის წინააღმდეგ შემოტრიალდა.

კალუგინის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან თბილისზე ზეწოლამ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობამ საქართველოში პრაგმატული პოლიტიკის გაძლიერება გამოიწვია.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ და რესპუბლიკის საქმეებში ჩარევამ ბრიუსელისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიწვია. თბილისში პრაგმატიზმი გაძლიერდა, რაც ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს ეყრდნობა. თითქოს ევროკავშირს შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანა, თუმცა ეს ასე არ არის და კიდევ უფრო მეტად მიმართავს შანტაჟსა და მუქარას, რათა საქართველოს კურსის შეცვლა აიძულოს“, - განაცხადა კალუგინმა.

მისივე მტკიცებით, ევროკავშირი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, მათ შორის ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების მიმართულებით.

„ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ენერგეტიკული ემბარგო დააწესოს და სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტოს, მათ შორის ფრენები. ნათელია, რა შედეგები ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმცა, ევროკავშირს ეს არ ადარდებს. მათთვის მთავარია რუსეთს ზიანი მიაყენონ, თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ნათელი შეხსენებაა იმისა, თუ რა ემართებათ ქვეყნებს, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს. თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. იმის გამო, რომ საქართველო თავისი მფარველების თავსმოხვეულ ნაკარნახევს არ მიჰყვება, ის წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა კალუგინმა.

მიხაილ კალუგინმა, საქართველო და რუსეთი „ბუნებრივ პარტნიორებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.

მისი განცხადებით, რუსეთი მომავალშიც აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და პრაქტიკული საკითხების „კონსტრუქციულად გადაწყვეტას“, თუმცა მსგავსი გზავნილების ფონზე კვლავ ყურადღების მიღმა რჩება ოკუპირებული ტერიტორიებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის საკითხი.

კალუგინის თქმით, კრემლში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც „ხალხის ინტერესებით“ იხელმძღვანელებს და არ დაუშვებს „რუსეთთან კონფრონტაციაში რესპუბლიკის ჩათრევას“.

მსგავსი სიახლეები