"ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა" - პაპუაშვილი "იმედისთვის" ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე

14.05.26 16:29
"ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა" - პაპუაშვილი "იმედისთვის" ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე

 

 

"ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ევროპარლამენტში ტელეკომპანია "იმედისთვის" ერთი წლით საქმიანობის შეწყვეტას გამოეხმაურა. 

"ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირს ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს და რომ ამ ნაბიჯით თავისუფალი მედიის წინააღმდეგ პატარა პწკენას ცდილობს.

ფაშისტური განცხადებებით ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. 

ჩვენთან შემოღებულია ყველაზე მსუბუქი წესები, ვნახეთ ევროპარლამენტში, სხვა ქვეყნებიც ვნახეთ, ყველაზე მსუბუქი წესები არის ჩვენთან შემოღებული. აი ხომ ნახეთ თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესი, ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა. 

ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება, როგორ შეიძლება რასა იუკნევიჩიანეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო გვქონდეს. საბჭოთა კავშირს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს ბრიუსელი," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული "იმედი" აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მათ ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ  მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია სამ სამტავრობო არხს-  "იმედს", "რუსთავი 2-სა" და "პოსტივის" არ მისცა.