სახალხო დამცველი ღარიბაშვილის საქმის შესასწავლად მზადაა - ადვოკატი

13.11.26 17:26
სახალხო დამცველი ღარიბაშვილის საქმის შესასწავლად მზადაა - ადვოკატი

 

 

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილის საქმეში სავარაუდო დარღვევების შესასწავლად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ ექსპრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის როგორც ღარიბაშვილის განცხადებებს მის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, ისე სისხლის სამართლის საქმის დახურულ რეჟიმში განხილვისა და შესაძლო საპროცესო დარღვევების საკითხებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ლევან იოსელიანი მას პირადადაც შეხვდება. 

გვქონდა შეხვედრა ბატონ ლევან იოსელიანთან, სახალხო დამცველთან და მის მოადგილესთან, ქალბატონ ელენე ღუდუშაურთან. მათ გამოხატეს მზადყოფნა, შეისწავლონ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის საქმე, კონკრეტულად ის დარღვევები, რომელიც მოიპოვება ამ საქმეში როგორც მის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და ფისქიკურ და მორალურ ზემოქმედებას, ისე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმის დახურვის ნაწილს, საპროცესო დარღევებს, რომელიც ამ საქმეშია დაშვებული. სახალხო დამცველმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ბატონი ირაკლის თანხმობის შემთხვევაში, ის შეხვდეს და პლიუს-მინუს ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მივაწოდებთ ყველა ინფორმაციას სახალხო დამცველს და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ მისი წარმომადგენელი მოავლინოს სასამართლო პროცესზე, ამას გააკეთებს. მას სურვილი აქვს, რომ სრულყოფილად შეისწავლოს ეს საქმე და გააკეთოს სათანადო დასკვნა. რომელ ფორმატში გააკეთებს, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის ფორმატში, სახალხო დამცველის ანგარიშში თუ სხვა რომელიმე ფორმატში, ამას თავად გადაწყვეტს, - ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები, სოსო ბარათაშვილი და ნათია თამაზაშვილი, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდნენ და მტკიცებულებები წარუდგინეს. დაცვის მხარე პროკურატურის უმოქმედობაზე რეაგირებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად არ იძიებს ექსპრემიერის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს. ადვოკატები ღარიბაშვილის საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვასაც აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები