პუტინის ანექსიის გეგმა - “ოცნებაში“ პირველი კომენტარი კეთდება

14.05.26 18:36
პუტინის ანექსიის გეგმა - “ოცნებაში“ პირველი კომენტარი კეთდება

იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომხდარიყო, ეს არაფერია, შეხედეთ უკრაინას და ნახავთ, რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები, - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ახალ შეთანხმებას.

პაპუაშვილს მიაჩნია, რომ არ არის საჭირო არანაირი წერილობით, ან რაიმე სახის განცხადება. 

ის ასევე ამბობს, რომ ამ პროცესში არავის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან “საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო და მსგავსი ორგანიზაციები უუნაროები არიან“.

უუნაროები არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაცაა და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია. ეს ორგანიზაციები უუნაროა. მეორეს მხრივ არიან სხვა უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ ზოგიერთს არც უნდა, ან სხვანაირად ფიქრობს, რომ ესა თუ ის კონფლიქტი როგორ გადაწყდეს. იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია, როდესაც არათუ რეზოლუციები, ადამიანების ხოცვის და ომის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, რთულია და შეზღუდულია ის რესურსები, რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველომ გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევების გადაჭრა. რომ დავყოლოდით ჩვენ ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა სახელმწიფოს დუმაში რუსეთში და ამგვარი შეთანხმებები, ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები, ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის. იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომხდარიყო, ეს არის... შეხედეთ უკრაინას და ნახავთ, რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები,  - ამბობს პაპუაშვილი.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ალან გაგლოევმა დაადასტურა, რომ რეგიონი მზად არის „ერთიანი რუსული სამყაროს“ ნაწილად იქცეს.

საუბარია პროცესზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ სისტემებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს. არსებული შეთანხმებების მიხედვით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს სამართალდამცავი სისტემის, საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რუსულ მოდელთან სრული დაახლოება.