კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

15.05.26 12:51
კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

კობახიძე ევროპარლამენტის ქმედებებს „საბჭოურ მიდგომას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები, მისი შეფასებით, ინსტიტუციურ დეგრადაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ოცნების" ლიდერის კრიტიკის საფუძველი ევროპარლამენტის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „იმედს“ შენობაში მუშაობა ერთი წლით შეეზღუდა. მისი მტკიცებით, ევროპარლამენტისთვის მედიის თავისუფლება არაფერს ნიშნავს. 

ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.

აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს, - განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. თავად არხის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას უკავშირდება. პარალელურად, მოლდოვამ „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზეც უარი განაცხადა.