"ოცნებაში" პატრიარქთან შეხვედრას არ გამორიცხავენ
გაიზიარებს თუ არა "ქართული ოცნება" პატრიარქის პოზიციას აბორტების აკრძალვის თაობაზე? ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს მიმართა.
ივანიშვილის გუნდში შესაძლო საკანონმდებლო განხილვამდე ეკლესიასთან კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხების განხილვამდე საჭიროა უშუალო შეხვედრა პატრიარქთან და მისი არგუმენტების სრულად მოსმენა.
ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ საჭირო იქნება უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა. ზოგს უკვირს კიდეც, რომ ხანდახან ძალიან მყიფედ მოეჩვენებათ, ხანდახან ძალიან რადიკალურად მოეჩვენებათ ამა თუ იმ საკითხზე ეკლესიის განცხადება, მაგრამ ასე არ უნდა შეხედონ. თუ იქამდე მივა საქმე, რომ რაღაც საკანონმდებლო რეგულაციებზე სერიოზულად ჩამოვარდება საუბარი, მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ უშუალო შეხვედრა მომხდარიყო, რათა ეს არგუმენტები ბოლომდე გაგვეზიარებინა ან არ გაგვეზიარებინა. ის თვითონ ვერ დააინიცირებს ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე, ისევ ჩვენი დეპუტატების დასაინიცირებელია. ვიდრე ამ ინიციატივაზე ადამიანი წახვალ, ის, ვინც ინიციატორია, მისგან დაწვრილებით უნდა მოისმინო ყველა მისი არგუმენტი, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
17 მაისს ქადაგების დროს ახალმა პატრიარქმა თქვა, რომ თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც აბორტია, "განწირულია ასეთი ოჯახი." შიო მესამე მიიჩნევს, რომ აბორტები ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, რაც მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას გააუმჯობესებს.