ვეჭვობ, აბორტი კანონის ძალით არ აიკრძალება - "ოცნების" დეპუტატების გამოხმაურება

18.05.26 13:56
ვეჭვობ, აბორტი კანონის ძალით არ აიკრძალება - "ოცნების" დეპუტატების გამოხმაურება

"ოცნების" დეპუტატების ნაწილი გამორიცხავს, რომ აბორტი კანონის ძალით აკრძალონ. ამის შესახებ მათ დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრეს. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ აბორტთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია მორალურ და ღირებულებით სივრცეს ეკუთვნის, თუმცა სამართლებრივ დონეზე საკითხის განხილვას ამ ეტაპზე არ ელოდება.

არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, როდესაც პატრიარქი, ოჯახთან დაკავშირებული ქადაგების დროს მოუწოდებს, რომ აბორტი იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. ერთი არის საკანონმდებლო დონე და მეორე არის თვითონ საზოგადოებაში გარკვეული მორალური, ზნეობრივი თუ გნებავთ, ამ მიმართულებით იდეოლოგიური ძალისხმევის გაწევა, რაც ვფიქრობ, რომ ეკლესიის ერთგვარად პირდაპირი საქმიანობის ნაწილიც არის. რაც შეეხება საკნონმდებლო დონეზე, ასეთი საკითხი არ განიხილება და მე ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრვ დონეზე დაყენება გამომდინარე იქიდან, რომ ამას შეიძლება, მოჰყვეს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო ნეგატიური თანმხვედრი მოვლენები, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ალუდა ღუდუშაური, თემაზე უფრო ფრთხილ პოზიციას აფიქსირებს. მისი თქმით, მსგავს საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს და ნებისმიერი შესაძლო ინიციატივა ფართო განხილვასა და დისკუსიას საჭიროებს. 

წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერს აქვს წესი, ფორმა და მსჯელობა და დისკუსოა და ა.შ. კიდევ ერთხელ, მე რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივია, იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ის, რომ ჩვენს ქვეყანას დემოგრაფიულად ნამდვილად სჭირდება განვითარება და გამრავლება... ანუ დავაინიცირებთ თუ არ დავაინიციებთ, ეს, გეუბნებით, რომ აუცილებლად ამას სჭირდება სკულპუოზური მსჯელობა. მსჯელობის გარეშე, დისკუსიის გარეშე საკითხის ასე დაყენება და დრესვე პასუხი კი ან არა, ეს არასერიოზულია, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.  

17 მაისს ქადაგების დროს ახალმა პატრიარქმა თქვა, რომ თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც აბორტია, "განწირულია ასეთი ოჯახი."  შიო მესამე მიიჩნევს, რომ აბორტები ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, რაც მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას გააუმჯობესებს.   

მსგავსი სიახლეები