პასუხი მდინარაძეს - იურისტები "ოცნების" ლიდერს უხსნიან, რატომ არიან აქციებზე დაკავებულები სინდისის პატიმრები
სინდისის პატიმრების შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას იურისტები პასუხობენ. უფლებამდაცველები "ოცნების" ლიდერს უხსნიან, რატმ არიან აქციებზე დაკავებულები "სინდისის პატიმრები".
იურისტი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ტერმინი „სინდისის პატიმარი“ თავად დაკავებულებს საკუთარი თავისთვის არ დაურქმევიათ. მისი თქმით, ეს შეფასება საზოგადოებაში სწორედ მათი ქმედებებისა და სასამართლო პროცესების მიმართ არსებული დამოკიდებულების შედეგად დამკვიდრდა.
სინდისის პატიმრები თავიანთი თავისთვის ბიჭებს არ უწოდებიათ, ეს სიტყვა შეარქვა საზოგადოებამ, რომელიც უყურებდა მათ გმირულ საქციელს არა მხოლოდ აქციაზე, არამედ მთლიანად სასამართლო პროცესების მიმმდინარეობისას. რა უნდა მოინანიოს ონისე ცხადაძემ, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის იდგა აქციაზე? რა უნდა მოინანიოს ანატოლი გიგაურმა, რომელიც თავს იცავდა მოძალადე პოლიციელისგან? ამ ხალხს არ აქვთ დანაშაულებრივი მოქმედება ჩადენილი მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე სასამართლოებმმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ის გადაწყვეტილებებიც კი გადაკვალიფიცირდა იმ ბრალისგან, რაც პროკურატურამ წარუდგინა. შესაბამისად, რომ შევაჯამო, ამ ხალხს არაფერი აქვს მოსანანიებელი, არ აქვთ არანაირი თხოვნა შეწყალების მიმართულებით. ერთადერთი ნაბიჯი, თუკი გადაიდგმევა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დეპოლარიზაციის მიზნისკენ მიმართული, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
მამუკა მდინარაძის განცხადებას კიდევ უფრო მწვავედ აფასებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. მისი თქმით, მონანიებისა და დანაშაულის აღიარების მოთხოვნა რეალურად იმ ნარატივის გამყარებას ემსახურება, თითქოს დაკავებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს.
ადამიანი, რომელსაც არავითარი უკანონო მოქმედება არ განუხორციელებია, მას არაფერი აქვს მოსანანიებელი და განსაკუთრებით ის, რომ მან აღიაროს რაიმე სახის დანაშაული. იმ ფორმით, რომ მოხდეს აღიარება და შემდეგ ეს იყოს წინაპირობა შეწყალების, ამ გზით, მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია ცდილობს იმ არარსებული დანაშაულის აღიარებას და ფაქტობრივი მოცემულობის საზოგადოებისთვის მიწოდებას, როგორიც არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული. მმართველ პარტიას სურს, რომ საზოგადოებას დოკუმენტის სახით აჩვენოს, რომ აი, პიროვნებებმა, რომლებიც არიან რეალურად უდანაშაულოები, აღიარეს ის დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, ასეთ რამეს ანდრო ჭიჭინაძე არ აღიარებს, ვერცერთი სინდისის პატიმარი ვერ იტყვის საკუთარ თავზე და სხვა პიროვნებაზე, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
საკითხს სახელმწიფო ინტერესის ჭრილშიც უყურებს იურისტი ბორის ჩელე ყორშია. მისი თქმით, სამართლებრივ პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა შეწყალება არც მონანიებას და არც დანაშაულის აღიარებას უკავშირდებოდა.
ტყუილია, რომ მხოლოდ მონანიებაა ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინება კანონმდებელს პირდაპირ აქვს მითითებული, შესაბამისად თუ ვინმე საუბრობს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაზე, იმ კრიზისის დასრულებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც აწუხებს, პირდაპირ გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფო ინტერესი. ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს ქეისები, სადაც არაც შეწყალებაზე მიმართვა იყო, არც დანაშაულის აღიარება იყო, არ მონანიება არ იყო, მაგრამ როცა მათ ეს უნდოდათ, ჩეულებრივად ადამიანები შეიწყალეს. იმის მოლოდინი თუ აქვთ, რომ ვიღაცეები ხვეწნას დაუწყებენ და კალთებს ჩამოახევენ, ეს ასე არ არის, - ამბობს ბორის ჩელე ყორშია.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ იცის ვინ არის სინდისის პატიმარი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს ტერმინი არის "განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ."
მისივე თქმით, სიტყვა [სინდისის პატიმარი] "გაცვდა და არასერიოზულად გამოიყურება."
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა მომხრე პოლიტპატიმრების შეწყალების, მდინარაძემ უპასუხა, რომ როგორც ერთი მოქალაქე, მიესალმება ნებისმიერ ჰუმანურ გადაწყვეტილებას, თუ იქნება "მონანიება, აღიარება."