ხმაური თბილისის საკრებულოში — ოპოზიციამ კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა

18.05.26 17:27
ხმაური თბილისის საკრებულოში — ოპოზიციამ კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება“ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნის და ქაოტური განაშენიანებების გამო გააკრიტიკა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა ყურადღება ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა, რომლის თანახმადაც საკითხს მთავრობის ნაცვლად უკვე თბილისის საკრებულო გადაწყვეტს.

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არ არის და მისი შეფასებით, საუბარია იმაზე, თუ ვის ინტერესებს მოემსახურება მომავალში დედაქალაქის განვითარება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო 14 მაისს. ყველას კარგად გვესმის, ეს უბრალოდ ტექნიკური ცვლილება არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის თბილისი - თბილისელებს და მომავალ თაობებს თუ გავლენიან პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს თბილისის საკრებულოს, მიუხედავად ჩემი ამ ინსტიტუციისადმი ძალიან დიდი პატივისცემისა, ჰქონდეს იმდენი დამოუკიდებლობა, იმდენი თავისუფლება, რომ შეძლოს, დაუპირისპირდესა ხშირ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბიზნესინტერესებს. თემა, რომელმაც აქამდე მოიყვანა თბილისი და გეტყვით, ამაში რას ვგულისხმობ, ქაოტურ განაშენიანებას, ურბანულ ქაოსს, ისტორიული იერსახის დამახინჯებას, ისევ ამ სისტემამ უნდა გადაწყვიტოს ასეთი საკითხები და არ ვიცი რა შეიცვალა, საზოგადოებას ნდობა რატომ უნდა გაუჩნდეს, რომ იგივე სისტემა სეცდმებს აღარ დაუშვებს?, - თქვა სხდომაზე ნიკა ჩერქეზიშვილმა. 

პასუხად "ოცნების" გუნდში განაცხადეს, რომ საუბარია არა გავლენებზე, არამედ გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობაზე. მათი თქმით, თბილისის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურები კონკრეტული საკითხების განხილვისთვის საკმარის კომპეტენციას ფლობენ. 

ქალაქ თბილისის მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები და საბჭოები, რომელიც კონკრეტულ ქეისებს განიხილავს. ანუ კომპეტენეციის თვალსაზრისითაც ამ შემთხვევაში. მე ვგულისხმობ რას? რომ საკითხის მყისიერად გადაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო გაცილებით უფრო ქმედითუნარიანია და ყველა დანარჩენი მოტანილი არგუმენტი მიმაჩნია ამ შემთხვევაში ძალიან სუსტად, - თქვა "ოცნების" წარმომადგენელმა. 

საკითხს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ცვლილების მთავარი მიზანი პროცესების გამარტივება და გადაწყვეტილებების უფრო ოპერატიულად მიღებაა. 

მიზანი არ არის რაღაცა კონსპირაციების ძიება, იმიტომ, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ნდობა მთავრობის მმიმართ უფრო მეტია და მეტად გაუმკლავდება გარკვეულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ოპერატიულად იყოს გადაწყვეტილება მიღებული, - თქვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ. 

მსგავსი სიახლეები