კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან აბორტის თემაზე კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე პატრიარქთან იმსჯელონ

19.05.26 12:35
კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან აბორტის თემაზე კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე პატრიარქთან იმსჯელონ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამესთან ერთად იმსჯელოს კანონმდებლობაზე აბორტების შესაძლო გამკაცრების შესახებ.

მისი თქმით, 2012 წელს საქართველოში 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა, გასულ წელს კი 12 000-ზე ნაკლები. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა, შესაბამისად, ის ფიქრობ, რომ ეს იმ ქადაგებების შედეგია, რასაც საზოგადოება სასულიერო პირებისგან ისმენს.

"თუ შეიძლება, რომ რაიმე შეიცვალოს, რაც ამ ტენდენციის გაუმჯობესებას დამატებით ხელს შეუწყობს, ამისთვის მზად ვართ" - თქვა კობახიძემ. 

აბორტთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგებას რაც შეეხება [...] ამ თემაზე შიო მუჯირს განცხადება აქამდეც გაუკეთებია, რასაც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკლესია აბორტზე განსაკუთრებულ აქცენტს ყოველთვის აკეთებდა. ამას კონკრეტული შედეგებიც აქვს. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, აბორტის მიმართ ეკლესიის ამ დამოკიდებულებას რა შედეგი აქვს: 2012 წელს საქართველოში 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა. შარშანდელი მაჩვენებელი კი 12 000-ზე ნაკლებია. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა [...] მე ვფიქრობ, ეს იმ ქადაგებების შედეგია, რასაც საზოგადოება სასულიერო პირებისგან ისმენს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ 17 მაისს პატრიარქისგან მოვისმინეთ.

კანონმდებლობას რაც შეეხება - ჩვენ მზად ვართ, შესაძლო ცვლილებებზე ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერი პირებთან ერთად ვიმსჯელოთ. თუ შეიძლება, რომ რაიმე შეიცვალოს, რაც ამ ტენდენციის გაუმჯობესებას დამატებით ხელს შეუწყობს, ამისთვის მზად ვართ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 მაისს ქადაგების დროს ახალმა პატრიარქმა თქვა, რომ თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც აბორტია, "განწირულია ასეთი ოჯახი."  შიო მესამე მიიჩნევს, რომ აბორტები ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, რაც მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას გააუმჯობესებს.   

მსგავსი სიახლეები