"თვალებში ნაცრის შეყრაა" - "ძლიერი საქართველო" კობახიძეს პასუხობს
კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული განცხადებები ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ასე აფასებს "ლელო - ძლიერი საქართველო" ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების რეალურ გამოწვევებზე არ საუბრობს.
თამაზ დათუნაშვილის თქმით, მაშინ როდესაც კობახიძე დანიის მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოში მოქალაქეები მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.
დღეს ირაკლი კობახიძემ საბჭოთა პროპაგანდის სტილში, კოპენჰაგენში პოლიციის ძალადობა დაგმო. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის და ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა. დანიაში დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე წუხილის ფონზე, საქართველოში უმძიმესი ვითარებაა: კობახიძის ინიციატივთ შექმნილმა ფასების კომისიამ კრახი განიცადა: გაიაფების ნაცვლად, ყველა სასურსათო პროდუქტი და მედიკამენტი ძვირდება. 1 აპრილიდან, “ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეებს ელექტროენერგია 33%-ით გაუძვირა. საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი 50 თეთრიდან 1.24 ლარამდე გაძვირდა, მაგრამ კობახიძე არც კი განიხილავს საწვავზე აქციზის დროებით შემცირებას. ქვეყანაში კატასტროფულ დემოგრაფიული კრიზისია: საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა - 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. კობახიძე დანიის მდგომარეობაზე წუხს, სადაც საშუალო ხელფასი 6500 ევროა, საქართველოში კი 782, დანიაში პენსია - 2-დან 3 ათას ევრომდეა, საქართველოში 137 ევროა. რაც მთავარია, ბედნიერების ინდექსით დანია მსოფლიოში მე-3 ადგილიზეა, საქართველო კი - 91-ე. დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმაც ასობით მოქალაქე ცემეს, საწამებელი მარშუტკები გამოიგონეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ქალებს, ჟურნალისტებს და დღემდე დაუსჯელი არიან ამ ძალადობის დამკვეთებიც და შემსრულებლებიც, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა. მისი თქმით, "ოცნების" გუნდმა კითხვების საჯაროდ დასმის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, მათი შეფასებით, ბრიუსელმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეწყვიტა. წერილში კობახიძე ასევე ეხმაურება კოპენჰაგენში პოლიციის მოქმედებებს და ევროკავშირის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.