ირაკლი კუპრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

19.05.26 15:53
ირაკლი კუპრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

"ძლიერი საქართველო – ლელოს" გენერალური მდივანი, თანაგუნდელებთან ერთად, ადგილობრივების თხოვნით დღეს ხარაგაულსა და ხარაგაულის სოფლებში ჩავიდა და მოსახლეობის მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრებზე მკაფიოდ გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონში წლების განმავლობაში მოუგვარებლად რჩება - უმუშევრობა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისადმი უყურადღებობა, სიღარიბე, ყოველდღიურად მზარდი ფასები და მასობრივი ემიგრაცია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან და არსებობისთვის ბრძოლა სულ უფრო რთული ხდება. მათი თქმით, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების არქონა და ეკონომიკური პერსპექტივის არარსებობა იძულებით ემიგრაციას განაპირობებს, რაც რეგიონს კიდევ უფრო ასუსტებს.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მსგავსი პრობლემები არა მხოლოდ ხარაგაულისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის სისტემურ გამოწვევად იქცა და დაუყოვნებელ, ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს. მისი შეფასებით, სოციალური უთანასწორობის გაღრმავება და რეგიონების დაცლა ქვეყნის განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში ვერცერთი ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება და სისტემა კორუფციაშია ჩაფლული.