საქართველო რუსეთს დაუახლოვდა - ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან

19.05.26 17:08
საქართველო რუსეთს დაუახლოვდა - ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან

 

 

სამხრეთ კავკასია დასავლეთს ირჩევს, საქართველო კი გეოპოლიტიკურად ჩინეთს, ირანს და რუსეთს დაუახლოვდა  - ეს განცხადება მაიკლ კარპენტერმა  INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთან ინტერვიუში გააკეთა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი დირექტორი ღიად ამბობს, რომ საქართვლო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული გავლენები იზრდება, დემოკრატიული უკუსვლა კი ევროპას და ამერიკას აიძულებს, რომ ფსონი სომხეთზე და აზერბაიჯანზე დადოს. 

ამ ფონზე,  ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ საქართველო „საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს“, სადაც დემოკრატიული უკუსვლა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კარპენტერი ამბობს, რომ რაც უფრო მეტად უკუიქცევა საქართველო დემოკრატიულად და ვერ დაიცავს ევროპულ ნორმებს, მით ნაკლებად მიმზიდველი კანდიდატი ხდება ის დასავლური ინვესტიციებისთვის.

"ქართული ოცნების" მზარდი კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან ქვეყანას ევროპეულ და ამერიკულ ინვესტიციებს აკარგვიანებს - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

 ერთი მხრივ, მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში აშკარად და მკვეთრად შესუსტდა. თქვენ ამას ხედავთ სომხეთში, ხედავთ აზერბაიჯანში. ასევე ხედავთ შავი ზღვის მეორე მხარეს, მოლდოვაში.
თუმცა, საქართველოში, ვფიქრობ, რუსეთის გავლენა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერდა — არა უკრაინის ომის შედეგად, არამედ თავად რუსეთის პოლიტიკური ომის სტრატეგიის შედეგად ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ვფიქრობ, საერთო სურათი შერეულია.
მაგრამ მართალი ხართ. ფაქტი, რომ ერევანმა შეძლო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტისთვის მასპინძლობა, ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეძლო ერევანში ჩასვლა, ის, რომ სომხეთმა დრამატულად გააძლიერა კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან — ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც ხუთი წლის წინ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ორი წლის წინაც კი წარმოუდგენელი იყო.

აზერბაიჯანიც სულ უფრო მეტად დისტანცირდება რუსეთისგან და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. და რა თქმა უნდა, ორივე მხარე მათ ურთიერთობაში ახალ ფურცელს შლის, რაც მართლაც ამაღელვებელია სამხრეთ კავკასიისთვის. მაგრამ კვლავ, ეს შერეული სურათია, რადგან საქართველო, ჩემი ხედვით, საპირისპირო მიმართულებით მიდის.

ვფიქრობ, ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ერთი ასპექტი, რომელიც ერთგვარი ურყევი წესია, არის ის, რომ რაც უფრო მეტად დაშორდა საქართველო თავის დემოკრატიულ ნორმებს, მაგალითად, რაც 5 ან 10 წლის წინ იყო, მით უფრო მეტად დაუახლოვდა იგი გეოპოლიტიკურად ჩინეთს, ირანს და რუსეთს.

ევროკავშირი, ცხადია, ამას აცნობიერებს და არ აპირებს ფსონის დადებას საქართველოზე გამავალ დაკავშირებადობაზე, თუ შიშობს, რომ ამ ინფრასტრუქტურის ნაწილი ჩინურ ან რუსულ ხელში ჩავარდება.
ამიტომ, ვფიქრობ, რამდენადაც საქართველო შეძლებს რეფორმირებას და გახდება დემოკრატიული ქვეყანა, მით უფრო უკეთესი კანდიდატი ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც ან ამერიკის, ან ევროპელების მიერ იქნება დაფინანსებული.

თუმცა, საპირისპიროც მართალია — რაც უფრო მეტად უკუიქცევა საქართველო დემოკრატიულად და ვერ დაიცავს ევროპულ ნორმებს, მით ნაკლებად მიმზიდველი კანდიდატი ხდება ის დასავლური ინვესტიციებისთვის. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს. ეს არ არის რთული მეცნიერება. საკმაოდ აშკარაა, რომ ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა კარპენტერმა.