ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია - კარპენტერი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ განსაზღვრული ჯერ კიდევ არ არის.
INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ “ტრამპ თაუერის” მსგავსი კომერციული პროექტი აშშ-ის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ არ იმუშავებს.
იმედი მაქვს, აშშ გააგრძელებს დასავლური კონსორციუმის მხარდაჭერას, რომელიც განავითარებს ანაკლიის საზღვაო პორტს, მოახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე და საბოლოოდ აიძულებს მთავრობას შეცვალოს გეოპოლიტიკური პოზიციონირება - ამბობს კარპენტერი.
ამ ადმინისტრაციის პოზიცია, საქართველოსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ვშიშობ, რომ ის საშიში მიმართულებით ვითარდება და ვშიშობ, რომ თბილისში “ტრამპ თაუერის” მსგავსი კომერციული პროექტის განხორციელების ინტერესმა ხელისუფლებაში მყოფ პირებს, მათ შორის სახელმწიფო მდივან რუბიოს, შესაძლოა აშშ-ის ეროვნული ინტერესების გატარებიდან ყურადღება გადაატანინოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. იმედი მაქვს, ასე არ იქნება.
იმედი მაქვს, რომ აშშ გააგრძელებს დასავლური კონსორციუმის მხარდაჭერას, რომელიც განავითარებს ანაკლიის საზღვაო პორტს, მოახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე ადამიანის უფლებების კუთხით და საბოლოოდ აიძულებს მთავრობას შეცვალოს ეს გეოპოლიტიკური პოზიციონირება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი ევროატლანტიკური ტრაექტორიის საპირისპიროა.
მაგრამ, ჯერჯერობით ადმინისტრაცია საკმაოდ ჩუმია ამ საკითხებზე. მათ არ უჩვენებიათ თავიანთი კარტები და ვშიშობ, რომ კომერციულმა ფაქტორმა, ძალიან კერძო კომერციულმა ფაქტორმა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს აშშ-ს ინტერესებთან, შესაძლოა ხელი შეუშალოს პროცესს.
თუ ვცდები და ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს „მეგობარი აქტს" და დააწესებს სანქციებს, რათა საქართველოში მიაღწიოს ისეთ შედეგს, რომელიც უფრო თავსებადია ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან, რასაც წინა ადმინისტრაცია უჭერდა მხარს, მაშინ ამას მივესალმები.
მაგრამ, ჯერჯერობით არ მინახავს ნიშნები, რომ ეს ხდება. არიან რესპუბლიკელი კონგრესმენები, რომლებიც ძალიან მკაფიოდ საუბრობენ საქართველოს დასავლურ მომავალზე და ამ გზის მხარდაჭერის სურვილზე, მაგრამ ეს ჯერ არ გადაზრდილა ადმინისტრაციის პოლიტიკურ ქმედებებში და ჩვენ უკვე ამ ადმინისტრაციის მუშაობის წელიწადნახევარი გავიარეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ხომ არ ვიხილავთ მომავალ თვეებსა და წლებში აშშ-ს გავლენის შესაძლო შესუსტებას საქართველოში", - ამბობს კარპენტერი.