ბრიუსელში „საქართველოს სახლი“ გაიხსნება — პროექტს ხაზარაძეების ფონდი ახორციელებს

19.05.26 21:34
ბრიუსელში „საქართველოს სახლი“ გაიხსნება — პროექტს ხაზარაძეების ფონდი ახორციელებს

 

 

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მდებარე საუკუნოვანი შენობა მალე ევროპაში საქართველოს სახლად გადაიქცევა. ბრიუსელის ცენტრში მდებარე ისტორიული „ეგიდიუმი“ ხაზარაძეების კულტურის ფონდმა შეიძინა, სადაც მომავალში მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე მოეწყობა.

1906 წელს აშენებული „ეგიდიუმი“ ბრიუსელის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობად ითვლება. ბელგიური მედიის ინფორმაციით, ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ბრიუსელის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდება, რის შემდეგაც სივრცე ახალ ფუნქციას შეიძენს.

ბოლო ასი წლის განმავლობაში „ეგიდიუმი“ ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა — სხვადასხვა დროს აქ ფუნქციონირებდა თეატრი, კინოთეატრი და საზოგადოებრივი ღონისძიებების სივრცე. ხაზარაძეების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტი ქართველ და ევროპელ საზოგადოებებს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირების გაძლიერებას მოემსახურება.


ისტორიულ შენობას ქართული კვალიც უკავშირდება. XX საუკუნის დასაწყისში ამ სივრცეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, მეცნიერი ბარბარე ყიფიანი ქართული კულტურის საღამოებს მართავდა, რითაც ბრიუსელში ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.