26 მაისის მოლოდინში - ოპოზიცია პროვოკაციებსა და ტიტუშკებზე საუბრობს
მამაკაცი, რომელიც ბოლო დღეებში თავს ოპოზიციაზე განაწყენებულ მოქალაქედ ასაღებდა და სხვადასხვა ლოკაციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაპირისპირებას ცდილობდა, ოპოზიციური ალიანსის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებული პირია. მათი ინფორმაციით, საუბარია გიორგი ერემეიშვილზე, რომელიც, როგორც აცხადებენ, რამდენიმე დღეა ოპოზიციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში მონაწილეობს.
ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ერემეიშვილი „ქართული ოცნების“ ე.წ. „სტაჟიანი ტიტუშკაა“ და წარსულშიც ივანიშვილის გუნდის საარჩევნო კამპანიებში სხვადასხვა როლით ფიგურირებდა. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები 26 მაისისთვის დაგეგმილი აქციების კონტექსტში კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ გიორგი ერემეიშვილი მარტო არ გადაადგილდება. მათი თქმით, მას თან ახლავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომელიც პროცესს ვიდეოზე იღებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი იყოს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.