ბოტკოველი: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ოლიგარქ ივანიშვილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული
დღეს ლევან ხაბეიშვილს რამდენს მიუსჯიან ამას არც ჩვენთვის და არც ლევანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი.
მივიღეთ ჩვენ მდგომარეობა, რომ ქვეყანაში სამართალი ფაქტობრივად არ არსებობს. არასამართლიანი სასამართლო კი არ არსებობს, არამედ ზოგადად, სასამართლო არ არსებობს. ამიტომ, მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია. ერთი რამ ნათლად გამოჩნდა - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ერთი კაცის ნება - სურვილზეა, ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. ეს შენობა არის არა სასამართლო, არამედ ივანიშვილის კანტორა. დღეს ლევან ხაბეიშვილს რამდენს მიუსჯიან, ამას არც ჩვენთვის და არც ლევანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. დღევანდელი სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დღეს სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 13:30 საათზე გაიხსნება.
ხაბეიშვილს, რომელსაც პოლიტიკური განცხადების გაკეთებას და სპეცრაზმელებისთვის პირდაპირი ეთერიდან ქრთამის შეთავაზებას ედავებიან, დღეს ბოლოჯერ მიმართავს საზოგადოებას.
- ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.