პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის ელჩი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და "ოცნებისგან" ბიზნესზე ზეწოლის მოხდენას ითხოვდა

20.05.26 12:18
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის ელჩი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და "ოცნებისგან" ბიზნესზე ზეწოლის მოხდენას ითხოვდა

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის ელჩი მათ შორის პარლამენტში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და "ოცნებისგან" ბიზნესზე ზეწოლის მოხდენას ითხოვდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ელჩი "ოცნების" წევრებს ესაუბრებოდა მუქარაშერეული ტონით იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.

"ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთსო, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო" - აცხადებს პაპუაშვილი. 

ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნი ამბობს, რომ თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველოს ეკონომიკა განადგურებული იქნებოდა.

ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრას ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში და მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთსო, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლით ან სანქციების დაწესებით უნდა უზრუნველვეყო, რომ არ შემოტანა და არ ევაჭრა მას, როგორც სურდა. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ სხვა ბაზრების მოძიება გააძვირებდა ბენზინის ფასს და საბოლოო ჯამში, გაძვირდებოდა ცხოვრება, ამაზე მისი პასუხი იყო, რომ რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონო. ეს არის ციტატა ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვებისა და დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა რუსეთის სანქციები და რასაც ამბობდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა მას აძლევს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოსო, ტანკებისთვის ფული უნდა მისცეს ახლა რუსეთს, მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ. ამ ისტორიის მორალი არის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს, კორექტულად რომ ვთქვათ, ნაკლებად აღელვებს ბრიტანეთის ელჩს. მეორე მორალი, ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის ელჩისთვის, დღეს ესკალაციის შედეგად, ალბათ, გაწყდებოდა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩავცვივდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, ახლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს ამ ამბავს წავიკითხავდით ამ დანგრეული ეკონომიკის ხალხი, რომ ბრიტანეთი უცებ ადგა და მოუხსნა რუსეთს სანქციები. სამწუხაროდ, ასეთი ამორალურია საერთაშორისო პოლიტიკა და ეს უნდა გავაცნობიეროთ და გააცნობიერონ იმათ, ვინც პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშას აფრიალებენ. ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს."- განაცხადა პაპუაშვილმა.