ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან - განცხადება

23.05.26 20:28
 ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან - განცხადება

ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან - ამის შესახებ საუბარია სამოქალაქო პლატფორმა "ერთი ხალხი, ერთი საქართველოს" განცხადებაში, რომელიც "შაბათის მარშის" ღონისძიებაზე წაიკითხეს. 

განცხადების ავტორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შეუერთდნენ დიდ სახალხო კრებას. 

1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა: საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის მქონე ქვეყანა.

ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ხანგრძლივი ბრძოლით და თავგანწირულ მამულიშვილთა სისხლის ფასად დაგვიბრუნა დამოუკიდებლობა 1991 წელს. თუმცა დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვახსოვდეს - დამოუკიდებლობას კვლავაც სჭირდება დაცვა. ქვეყანა, რომელმაც ბევრი მტრის შემოსევას გაუძლო, დღესაც ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. რუსეთი გვართმევდა და დღესაც გვართმევს თავისუფლებას - თუკი 1921 წელს წითელი არმიით გვიტევდა, დღეს შიშით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით გვყოფს და გვანაწევრებს. მაგრამ იმპერიები ინგრევა, საქართველო კი რჩება. ვუპირისპირდებით ადამიანების დაყოფას, შიშის და სიძულვილის თესვას და მოვუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ.

26 მაისს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ კვლავაც ერთად ვდგავართ. 26 მაისის აქციის სულისკვეთების გასაძლიერებლად, ,,ერთი ხალხი - ერთი საქართველოს" პლატფორმის წევრები ვესაუბრებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, წნორსა და თბილისში. ვხვდებოდით ადამიანებს და ვისმენდით მათ წუხილს დაგროვილ პრობლემებზე და მომავლის უიმედობაზე. ვაძლიერებდით ერთმანეთს და ვთანხმდებოდით, რომ დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია. გვჯერა, რომ ქვეყანაში ცვლილებები სამოქალაქო ჩართულობით და დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობით მიიღწევა.

26 მაისს, 50-მდე მარანთან ერთად, დამოუკიდებლობას ერთი საერთო სადღეგრძელოთი აღვნიშნავთ, სინდისის პატიმრებს წერილებს მივწერთ და მარნების მიერ გამოყოფილი უნიკალური ღვინოების გაყიდვით ჩვენს დატყვევებულ თანამებრძოლებს დავეხმარებით. შემდეგ კი მოვუწოდებთ ყველას, შევუერთდეთ დიდ სახალხო შეკრებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს ბევრნი შევიკრიბოთ - ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია და ის არ დათმობს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ვიდგებით ერთად ბოლომდე, გამარჯვებამდე. ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ერთი საქართველო გვაქვს. ერთი მიზანი გვაერთიანებს — თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო. ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, თსუ 1-ელ კორპუსთან", - სამოქალაქო პლატფორმა "ერთი ხალხი, ერთი საქართველო".

საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა - თბილისში ტრადიციული შაბათის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მარში ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძრა.
 

მსგავსი სიახლეები