მდინარაძის სიმამრი და წილოსანის ნათესავი საგურამოში 25 ვილის ასაშენებელი ტერიტორიის მფლობელები გახდნენ
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ საგურამოში მდიდრული ვილების უბანში 15,350 კვადრატულ მეტრი ტერიტორიის ახალი მეპატრონე ნინო წილოსანის ახლო ნათესავი და გადამდგარი გენერლის, მამუკა მდინარაძის სიმამრი, გულივერ კუნჭულია გახდნენ.
ჰექტარ ნახევარი ფართობის თანამფლობელი, სადაც მინიმუმ 25-მდე ვილის აშენებაა შესაძლებელი, "ქართულ ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიძაშვილი გვანცა წილოსანია.
- მდინარაძის სიმამრს და ნინო წილოსანის ბიძაშვილს ჯერ ახალი სამშენებლო პროექტში დასაქმებულები არ ჰყავთ. მიწა იყიდეს, თუმცა აქ სამშენებლო სამუშაოების ჯერ არ დაწყებულა.
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმის მახლობლად, ჰექტარ ნახევარი ტერიტორია, გულივერ კუნჭლიასა და გვანცა წილოსანის სახელზე 2025 წლის 22 დეკემბერს გადაფორმდა.
ამ დროს მამუკა მდინარაძე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მათი ახლო ნათესავების სახელზე ქონებას კომპანია "გრინ ინვესტი" აფორმებს.
მამუკა მდინარაძის სიმამრი არ გვეუბნება იმ თანხას, რომელიც საგურამოს მდელოების შესყიდვაში გადაიხადა. თუმცა შაბათის ეთერმა მოიპოვა კუნჭულია-წილოსანსა და კომპანია გრინ ინვესტს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ოცნების ჩინოვნიკების, ოჯახის წევრებს საგურამოში 15 ათას 350 კვადრატულ მეტრი მიწის შეძენა 2 მილიონ 428 ათას 560 ლარი დაუჯდათ. კვადრატული მეტრი 158 ლარი, რაც იმ დროინდელი კურსით 60 დოლარზე ნაკლებია. არადა ხახლი ადგილზე გვეუბნება, რომ კვადრატული მეტრი 120 დოლარამდე ღირს.
- მამუკა მდინარაძის სიმამრის, გულივერ კუნჭულიას სახელზე ბიზნესრეესტრში 6 კომპანიაა რეგისტრირებული. აქედან მოქმედი მხოლოდ ორია: შპს გონიო 2003 და შპს ლაზუ-2023. რეპორტალის მონაცემებით, სადაც ბიზნესი საკუთარი კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებს ტვირთავს, ორივე მოქმედი კომპანია მეოთხე კატეგორიის საწარმოა - ეს იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური შემოსავალი მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია. რამდენია კუნჭულიას კომპანიების რეალური მოგება, ჩვენთვის უცნობია, რადგან დაბალი შემოსავლიანობის გამო მათი ფინანსური ანგარიშები დახურულია.
- ბოლო წლების განმავლობაში, მდინარძის სიმამრის სახელზე არაერთი უძრავი ქონება გადაფორმდა: საგურამო ტერიტორიის გარდა, ბინა, 142 კვადრატული მეტრი პარკ ჰოუმ საბურთალოს ელიტურ საცხოვრელ კოპლექსში ორი ორი პარკინგით.
- თითქმის ორნახევარმილიონიანი შენაძენი კი მდინარაძის სიმამრმა 2025 წლის ბოლოს გააკეთა.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, ელიტურ უბანში ვილების მშენებლობას მდინარაძე და წილოსანი იწყებენ, თუ გადამდგარი გენერლის სიმამრმა "ოცნების" დეპუტატის ბიძაშვილთან ერთად ბიზნესის გზა ერთად გაჭრა - ამ კითხვაზე გულივერ კუნჭულია არ პასუხობს, გამოძიებელ ჟურნალისტს არც იმას ეუბნება სად არის ახლა მამუკა მდინარაძე, რომელმაც ახალი კომპანია დააფუნძანა, რომელშიც ამ დრომდე არ გამოჩენილა.
გულივერ კუნჭულიას "შაბათის ეთერმა" ასევე ჰკითხა, ელოდება თუ არა მდინარაძე დაკავებას ირაკლი rარიბაშვილის განცხადებების შემდეგ - "დაკავებას კი არა ხვიშტი კიდო" - არის სუს-ის ყოფილი უფროსის სიმამრის პასუხი.
რაც შეეხება 15,350 კვადრატულ მეტრის თანამფლობელს, გვანცა წილოსანი თბილისში სოფელ დიღომში ერთადერთი სახლის მფლობელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ოფიციალურად 15 -მდე კომპანიის დირექტორი და მფლობელია. თუმცა კორუფციის მკლევარები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ყველა ეს ბიზნესი ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს ეკუთვნის. მათ შორის კახეთში კუდიგორის მთაზე, სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე აშენებული მდიდრული სასტუმროც.
სად იპოვა მდინარაძის სიმამრი და რისი აშენება იგეგმება საგურამოში ნაყიდ მიწაზე - ამ კითხვას წილოსანის ნათესავი არ პასუხობს. "შაბათის ეთერის" კამერას გაექცა მისი ქმარიც.
კითხვებს არ პასუხობს, არც "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი - ნინო წილოსანი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არაფერი იცის მისი ახლო ნათესავის და მდინარძის სიმამრის მიერ დიდი ქონების შეძენის შესახებ. მას შემდეგ რაც "შაბათის ეთერმა" წილოსანს უთხრა, რომ მისი და მამუკა მდინარაძის შესაძლო ბიზნესსაქმიანობას იძებს, ამას დეპუტატმა "დაბალი დონის ჭორაობა" უწოდა.