მამუკა ფიფია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

21.11.26 10:48
მამუკა ფიფია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

რუსეთში მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის განცხადებით, შესაბამის რეზოლუციას ხელი მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ფრიდონ ინჯია, ნანა კაკაბაძე, პაატა აბულაძე, „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვალერი კვარაცხელია და სხვა პრორუსული ჯგუფების წარმომადგენლები.

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ სახალხო დიპლომატია უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ და, ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობაც უნდა ჩავრთოთ, რათა ქართველმა ხალხმა სახელმწიფოსა და მთავრობას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოების მანდატი მისცეს. ვიწყებთ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსა და მთავრობას ხალხისგან მიღებული მანდატი სჭირდება, - განაცხადა ფიფიამ. 

ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც 19 ნოემბერს მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე ქვეყნის პოზიცია უცვლელია. 

მსგავსი სიახლეები