კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ - "ოცნება“ კონკრეტულ საქმეებზე კითხვებს თავს არიდებს, ოპოზიცია მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა - სამუშაო კვირა ისე დასრულდა, რომ კითხვები არ ამოწურულა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ თავს არიდებს კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე პასუხების გაცემას, რადგან მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები, რომლებიც 2004–2012 წლებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს დაადასტურებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ხაზს უსვამენ პროცესში არათანაბარ პირობებს: მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, მოსამართლეთა პლენუმის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ პროტესტის შემდეგ მათი არაერთი კითხვა მოხსნა.
ენმ-ს თქმით, მოსარჩელე მხარეს არც ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს და არც სამართლებრივი მსჯელობა, ხოლო სარჩელში წარმოდგენილი ერთადერთი დოკუმენტი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელსაც ლევან ბეჟაშვილი „წმინდა წყლის პოლიტიკურ დოკუმენტს“ უწოდებს.
ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, გიორგი სიორძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პროცედურების გამოყენებით ცდილობს კითხვების ასხლეტას, რაშიც სასამართლოც უწყობს ხელს, კონკრეტული ფაქტების ნაცვლად კი მოპასუხე მხარე პასუხად იღებს რეპლიკებს- „იხილეთ სარჩელში“
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საქმეში იმდენი მასალაა მოყვანილი, მათ სათითაოდ განხილვას „მთელი წელიწადი არ ეყოფა“.
მისი თქმით, მთავარია იმის დადასტურება, რომ 2003–2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ხოლო ოპოზიციას "კითხვების დასმის რესურსიც აღარ აქვს".
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მომავალი კვირის სამშაბათს განახლდება - კითხვების დასმას ჯერ კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ.