ენმ-ის კითხვა: „მაშინვე რატომ არ აგვკრძალეთ?“ - „ოცნების“ პასუხი: „შანსები მოგეცით" - რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში

20.11.26 19:00
ენმ-ის კითხვა: „მაშინვე რატომ არ აგვკრძალეთ?“ - „ოცნების“ პასუხი: „შანსები მოგეცით" - რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში

მყისიერი საფრთხე, 2012 წლის შემდგომი პერიოდი და პერსონალური კითხვების სტანდარტი - ეს ის თემებია, რაზეც დღეს საკონსტიტიციო სასმართლოში მხარეებმა იკამათეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა, ალიკა კუპრავამ  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ 2004–2012 წლების ქმედებები საკმარისი იყო პარტიის ასაკრძალად, რატომ არ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წელსვე, ხელისუფლების ცვლილებისთანავე.

ოპოზიციის მხრიდან ასევე დაისვა კითხვა იმაზე, თუ როგორ აფასებს მმართველი ძალა საფრთხეს მაშინ, როცა საჯაროდ თავადვე საუბრობს ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე.

„ისტორიული ხელისუფლების ის ქმედებები, რომლებიც თქვენ მიჩნეული გაქვთ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებად, 14 და, ხშირ შემთხვევაში, 22 წლის შემდეგ როგორ უკავშირდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყისიერი საფრთხის ტესტს? თუ თავისთავად, 2004-12 წლებში ქმედებები საკმარისია პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, 2012 წელს რატომ არ მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს? ამ 14 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 9 არჩევნებში მონაწილეობა. ხომ იყო შესაძლებლობა, ძალაუფლებაში მოვსულიყავით და ის მყისიერი საფრთხე, რომელსაც თქვენ ასახელებთ, სისრულეში მოგვეყვანა?“ - მიმართა "ოცნებას" კუპრავამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავიანთ პასუხებში აცხადებენ, რომ პარტიას წლების განმავლობაში არაერთი შანსი მიეცა, თუმცა მათი შეფასებით, სიტუაცია „უიმედოა“.

სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტიდა შეთანხმების თემა ახსნა და თქვა, რომ  ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, პრინციპები დაარღვია და კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდა.

 შანსი კიდევ ერთხელ რატომ მომეცი, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომ დავრჩენილიყავიო, როდესაც შეგეძლო, მანამდე აღგეკვეთაო - ამას გვედავება ახლა აქეთ? საფრთხე რომ იყავით, რამდენიმეჯერ მოგეცათ შანსი. შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომ შანსი მოგცემოდათ. კიდევ რამდენიმე, საერთაშორისო სიტუაციასაც გავუწიეთ ანგარიში. თან სახელმწიფო ძლიერი იყო, აკონტროლებდა და კიდევ იყო შესაძლებელი, ეს ყველაფერი გაეკონტროლებინა. შანსი მოგეცით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ დგება ეს საკითხი ახლა, "ოცნების" წევრმა აღნიშნა, რომ ვითარება შეიცვალა, რადგან შარმანაშვილის მტკიცებით, მხარე „მარტო აღარ არის“ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად აღარ იღებს.

სხდომაზე ასევე დაისვა კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ენმ-ის ხელისუფლების დროს სომხეთში საქართველოს ელჩად მუშაობდა - კერძოდ, დაინტერესდნენ, ვინ დანიშნა ის ამ თანამდებობაზე (სახელმწიფო თანამდებობის პირმა/პრეზიდენტმა თუ პოლიტიკურმა პარტიამ). სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ეს პერსონალურ კითხვად შეაფასა და კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა.

სხდომაზე შეეხნენ საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობის გამოცდილებასაც, რასაც მოსარჩელე მხარე ოპოზიციური ძალების კოორდინაციის არგუმენტად იყენებს.

მსგავსი სიახლეები