ბათუმის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც გამარჯვებული პრეტენდენტის ერთ-ერთი მოვალეობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა იქნება - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
სატენდერო პირობის მიხედვით, „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გაფართოებამდე საზღვრებში“.
რაც შეეხება ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკურ პირობაში“ აღნიშნულია, რომ პრეტენდენტმა:
„ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გონიო-კვარიათის და დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი და პირუტყვის მოძრაობის აღკვეთა ცენტრალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის სეზონზე [1 მაისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით) 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.
ამისათვის პრეტენდენტმა ქალაქ ბათუმსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე უნდა განათავსოს არანაკლებ 50 მეველე და უზრუნველყოს უმეთვალყურეოდ მოძრავი პირუტყვის დაჭერა. მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ზედამხედველს წარუდგინოს მეველეთა დისლოკაცია და სამუშაო გრაფიკი“.
რა თანხას გადაუხდიან ერთ მეველეს შესრულებულ სამუშაოში ამ ეტაპზე უცნობია.
ვრცლად ნახეთ - "ბათუმელებზე".