ივანიშვილმა ათიათასობით პოლიციელის კონტროლი პირად მცველს ჩააბარა — რას ამბობს ოპოზიცია
ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად გიორგი ბახუაშვილის დანიშვნას „ივანიშვილის მორიგ საჭადრაკო სვლად“ აფასებს. ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ათიათასობით პოლიციელის კონტროლის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველისთვის ჩაბარება ძალოვან სისტემაში უნდობლობასა და შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.
მათი შეფასებით, "ოცნების" გუნდი სახელმწიფო ინსტიტუტებში პროფესიული ნიშნით კი არა, პირადი ლოიალობის პრინციპით ნიშნავს კადრებს, რაც, ოპოზიციის თქმით, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს.
"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ბახუაშვილის დანიშვნის მიზანი სამართალდამცველთა კონტროლის გამკაცრებაა და არა სისტემაში არსებული პრობლემების გამოსწორება.
მორიგი საჭადრაკო სვლაა ივანიშვილის მხრიდან, თავისი პირადი მცველი დაუყენა ერთგვარ სერბერად, რევიზორად სამართალდამცველებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათ გადაცდომებზე მოახდინოს რეაგირება, არამედ იმისთვის, რომ ის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამ უნდობლობიდან გამომდინარეობს, ეფექტურად განახორციელოს, - ამბობს სიორიძე.
"სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ძალოვან უწყებებში შიდა დაპირისპირება და ნდობის კრიზისი უკვე აშკარაა.
ფაქტია, რომ შიდა დიდი დაპისიპირება და გადალაგებებია ძალოვან უწყებებში და არის სერიოზული პრობლემა ნდობის, იმიტომ, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც გაუშვეს, ვიღაცას თავისი ადამიანი ჰყავდა და შესაბამისად, როგორც ჩანს, მცირდება ადამიანების ჯგუფი, ვისზეც ეს რეჟიმი შეიძლება, დადგეს და უწევს უშუალო ადამიანების გაშვება, - ამბობს ვაშაძე.
"დროას" წევრი გიგა ლემონჯავა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო აპარატს „ტექნიკური კადრებით“ აკომპლექტებს და პირადი მცველის დაწინაურება თავად შსს-ს თანამშრომლების შეურაცხყოფაც არის.
ივანიშვილი თავისი ტექნიკური კადრებით აკომპლექტებს მთელ სახელმწიფო აპარატს, ამიტომ ახლა არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე მოუნდა იმ დეპარტამენტსი დირექტორად პირადი მცველის დანიშვნა, რომელიც აკონტროლებს პრაქტიკულად შსს-ს და ჩვენი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ ეს უნდა დამთვარდეს. მათ შორის ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც მუშაობს შსს-ში, როდესაც პირად მცველს დაასვამს თავზე ბიძინა ივანიშილი, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ენმ-ს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი დღეს მხოლოდ პირად გარემოცვას ენდობა და სწორედ ამიტომ ინიშნებიან მისი დაცვის წევრები გავლენიან თანამდებობებზე.
მას აქვს სურვილი, რომ ყველაფერი მართოს აბოსლუტურად ეფექტურად უბრალოდ პირადი გარემოცვის წევრების მეშვეობით, ამიტომაც ხდება, როცა მისი დაცვის წევრები ხდებიან კონკრეტული თანამდებობის მქონე ადამიანები. მას უკვე ნდობა არ აქვს არავისი, კლანები ჩამოეშალა და უწევს უბრალოდ გარემოცვის კადრებზე ფსონის დადება, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა - ირკვევა, რომ ათი ათასობით პოლიციელის კონტროლი ბიძინა ივანიშვილის პირად მცველს ჩააბარეს. როგორც "შაბათის ეთერს" უწყების თანამშრომლები პირად საუბრებში უყვებიან, სამინისტროში ელიან, რომ ბახუაშვილი იქნება შემდეგი მინისტრიც და სულხან თამაზაშვილს სწორედ ის შეცვლის.