"ღამის საათებში მუშაობენ" - როგორ ხსნის „ოცნება" მაღალჩინოსნების მოადგილეებისთვის ფინანსური ჯილდო-დანამატის დაბრუნებას
მაღალჩინოსნების მოადგილეებისთვის დამატებითი ფინანსური ანაზღაურების დაწესებას "ოცნების" ხელისუფლება „მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების აუცილებლობით“ ხსნის. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ვახტანგ ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მინისტრებისა და მერების მოადგილეებისთვის პრემია-დანამატების დაშვების მიზანი ზეგანაკვეთური და განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაოს წახალისებაა.
ბაჩიაშვილის თქმით, განსხვავებით მინისტრებისგან, მოადგილეების შემთხვევაში „საკუთარი თავის წახალისების“ რისკი არ არსებობს, ხოლო საჯარო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრების შენარჩუნება დაბალი ანაზღაურების პირობებში რთულია.
პრემია-დანამატზე უარი იყო ნათქვამი იმიტომ, რომ არ მომხდარიყო საკუთარი თავის წახალისების პრეცედენტის დაშვება. მინისტრის ან მერის მოადგილის შემთხვევაში ეს რისკი გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების მოტივი არის ის, რომ წახალისდეს შრომა იმ შემთხვევაში, თუ ამ შრომას ისეთი შედეგი აქვს, როგორიც კანონით არის გათვალისწინებული. ანუ თუ, მაგალითად, შესრულდა განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალება, არის ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის საათებში მუშაობა, გამოყენებული იქნას შესაბამისი თანამდებობის პირების წახალისება. ხელფასი, ამ შემთხვევაში, არ არის ისეთი მაღალი, რომ მაგალითად, საჯარო სამსახურმა შეინარჩუნოს მაღალკვალიფიციური კადრი, როდესაც კერძო სექტორი გაცილებით უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობს, - ამბობს ბაჩიაშვილი.
მაღალჩინოსნების მოადგილეებისთვის დამატებითი ფინანსური ანაზღაურება იგეგმება. საუბარია მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებზე, რომლებიც სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ.
შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ინიციატორი ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციაა.