ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ლიდერების საქმეზე: პროკურატურა დავალებას ასრულებს

25.05.26 17:27
ბადრი ჯაფარიძე  პოლიტიკური ლიდერების საქმეზე: პროკურატურა დავალებას ასრულებს

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დავალებას და სწორედ ეს არის უზარმაზარი დარტყმა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის.

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, თუნდაც იმ სტანდარტით, რომელიც პროკურატურას აქვს, არ არსებობს ასეთი განცხადება, შესაბამისად, არ არსებობს ამ ე.წ. საქმეში მსგავსი რაიმე სამხილიც კი. ასეთი დავალება აქვს პროკურატურას და დავალებას ასრულებს. ეს არის დღევანდელი პრობლემა და ქვეყნისთვის უზარმაზარი დარტყმა, რომ პროკურატურა ასრულებს პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას, რაც არ უნდა იყოს ის. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა იმას, რაზეც საუბრობდა პროკურორი. არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.