"ყველა უნდა დაჯდეს და მოიფიქრონ, რა უნდა იყოს ის პირობები, რაც წინ უნდა უსწრებდეს სამართლიან, პარტიულ არჩევნებს" - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ, რა იქნება უს წინაპირობები, რაც სამართლიან, პარტიულ არჩევნებს უნდა უსწრებდეს წინ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხებს პასუხობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ "ქართული ოცნების" გაშვებამდე იქნება ერთიანობა, ხალხი რეჟიმს უფრო სწრაფად გაუშვებს და უფრო მალე მოვა ის ეტაპი, როდესაც პარტიებმა თავიანთი იდენტობა უნდა გამოაჩინონ.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს, სანამ "ქართული ოცნება" მართვის სათავეშია არანაირი საფუძველი არ არის არც უნდობლობის, არც კონკურენციის და არც შეჯიბრების.
...როცა უკვე ეს რეჟიმი გაშვებული იქნება, მაშინ ეს ერთიანობა უნდა ემსახურებოდეს ორ რამეს: ერთი არის, რომ ყველა ის რომ ყველა ის კანონი სასწრაფოდ გაუქმებული იყოს, რაც შეიძლება სწრაფად და მეორე, რომ მომზადდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. ამისთვის ყველა ის პირობა, რაც ახლა იქნა ჩამოთვლილი, მაგრამ ალბათ კიდევ მეტი პირობა... საღად ყველა უნდა დაჯდეს და მოიფიქრონ, რა უნდა იყოს ის პირობები, რაც წინ უნდა უსწრებდეს სამართლიან, პარტიულ არჩევნებს. სადაც უკვე პარტიები მიიღებენ ცალ-ცალკე, შეიძლება რამდენიმე პარტია კოალიციაში, თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება.
ვისაც აქვს რაღაც უხერხულობა, რომ ამ გაერთიანებაში მე ჩემ თავს, ჩემ იდენტობას დავკარგავ, ჩემ ლიდერობას რაღაც დააკლდება, ის ვერ ხედავს, რომ ის მეორე ეტაპი, რაც უფრო სწრაფად გავერთიანდებით და სწრაფად მივაღწევთ ამ რეჟიმის გაშვებას, მით უფრო სწრაფად მოვა ის მეორე ეტაპი და ის დრო, რომ გამოვაჩინო მე ჩემი პარტია, იდენტობა, მეობა და ა.შ.. ეს კარგად უნდა დავინახოთ და მაშინ დავინახავთ, რომ არანაირი საფუძველი არ არის არც უნდობლობის, არც კონკურენციის, შეჯიბრების, დღეს, სანამ ესენი აქ არიან," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არის უმრავლესობა, ვისაც არ უნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს და ასევე არ უნდა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმმა გააგრძელოს სათავეში დგომა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ისიც სწორედ ამ უმრავლესობას შორისაა და ამიტომ არის ცვლილებები მნიშვნელოვანი.
მე რასაც ვუყურებ, რასაც ვხედავ და რაც მესმის, მე მგონი, საქართველოში დღეს არსებობს ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა არც "ნაცების" დაბრუნება, მე ვეკუთვნი ამ ნაწილს და არ უნდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელოს რეჟიმის სათავეში დგომა, მე ამასაც ვეკუთვნი და დანარჩენი ეს დიდი ნაწილი, დიდი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების ელის ცვლილებებს, როგორც ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა, სხვათა შორის.
ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვან, ცოცხალი სახელმწიფო და ცოცხალი საზოგადოება სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, რომ შესაძლებელი იყოს ქვეყანაში, რომ ცვლილებები მოხდეს და არ იყო აყვანილი მძევლად, რომ - მე თუ არ ვიქნები, იქნება ქაოსი, მე თუ არ ვიქნები, იქნება ომი, მე თუ არ ვიქნები, იქნებიან "ნაცები", მე თუ არ ვიქნები, იქნება ჯოჯოხეთი. არა, შენ თუ არ იქნები, ვიქნებით უკეთ, შენ თუ არ იქნები, იქნება ახალი საქართველო, ცვლილებები, დავიწყებ სუნთქვას თავისუფლად და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის და არა ვინმეს, ვიღაცის დაბრუნებისთვის, თუ ვინმეს კიდევ დარჩენისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.