"ქართულ ოცნებას" ეშინია სიტყვის" - გიგა ლემონჯავა
"ქართულ ოცნებას" ეშინია სიტყვის" - ამის შესახებ პარტია "დროას" წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა და პოლიციის მიერ "ოპოზიციის ალიანსის" ტექნიკით სავსე მანქანის "გატაცებაზე" ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი საზოგადოებას მაინც მიმართავენ სიტყვით, ხოლო ის, რაც პოლიციამ გააკეთა სისხლის სამართლის დანაშაულია.
"ქართულ ოცნებას" არ უნდა, რომ ჩვენ ვთქვათ სიტყვა აქციაზე, ეშინიათ სიტყვის და ეს აჩვენებს, რა სუსტია "ქართული ოცნება" სინამდვილეში. მაგრამ რაც არ უნდა ეცადოს, ამ აქციაზე მაინც გაიგებს ხალხი ხმას, მაინც მივმართავთ სიტყვით და მაინც ვიტყვით იმას, რაც სათქმელია. რაც უნდათ ის აკეთონ. ეს იყო კრიმინალი ჩვეულებრივი რაც ჩაიდინეს. არის სისხლის სამართლის დანაშაული სინამდვილეში იმიტომ, რომ ადამიანები გადმოყარეს მანქანიდან და გაიტაცეს მერე ეს მანქანა, სად არის საერთოდ არავინ იცის, რა საფუძვლით წაიყვანეს არავინ იცის," - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, "ოპოზიციის ალიანსის" ინფორმაციით, პოლიციამ ტექნიკით სავსე მანქანა გაიტაცა. ფაქტი რუსთაველის გამზირზე "რედისონთან" მოხდა.
მანამდე, "ოპოზიციის ალიანსს" სცენის დადგმასთან დაკავშირებით უარი უთხრეს - განცხადება ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ალიანსი დღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს 19:00 საათზე მსვლელობას გეგმავს.
აქცია სტარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღებს და პარლამენტთან დასრულდება.
ოპოზიციური ალიანსის წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის შენობასთან ლიდერების სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.