26 მაისი რუსეთის ხსენების გარეშე - რა გზავნილები ჰქონდათ "ოცნების" ლიდერებს

26.05.26 22:08
26 მაისი რუსეთის ხსენების გარეშე - რა გზავნილები ჰქონდათ "ოცნების" ლიდერებს

 

 

დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური ღონისძიება თავისუფლების მოედანზე წელსაც უფრო პარტიულ შეკრებას ჰგავდა, ვიდრე საერთო ეროვნულ დღესასწაულს. დილიდანვე ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს მედიისა და მოქალაქეების მხრიდან ზედმეტი დისკომფორტი არ შექმნოდათ — "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრების თანხლებით, სამთავრობო ლოჟისკენ წითელი ხალიჩით გადაადგილდებოდნენ და ჟურნალისტებს შორიდან ესალმებოდნენ. მათთან მიახლოების შესაძლებლობა კი პრაქტიკულად თავიდანვე შეზღუდული იყო.

„სუვერენიტეტი როგორც არასდროს“ — ეს იყო სიტყვით გამოსვლების მთავარი ხაზი, თუმცა "ოცნების" წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დღესაც დგას. მაშინ, როცა რუსეთი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინარჩუნებს კონტროლს და რეგიონში მისი გავლენა არ მცირდება, „ქართული ოცნება“ უპრეცედენტო სუვერენიტეტით ამაყობს.

თავისუფლების მოედანზე ეროვნული დღესასწაული ივანიშვილის გუნდმა საკუთარი პოლიტიკური ნარატივების გასაჟღერებლად გამოიყენა. "ოცნების" წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ ეროვნულ იდენტობაზე, სარწმუნოებასა და ტრადიციებზე, რომლებიც თითქმის ექსკლუზიურ ღირებულებებად წარმოაჩინეს.

სიტყვით გამომსვლელთა უმეტესობამ საკუთარი გზავნილები რელიგიურ და ტრადიციულ ნარატივს დაუკავშირა. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე თითქმის არ გაჟღერებულა ქვეყნის ევროპული მომავალი, დემოკრატიული განვითარება ან რუსული გავლენებისგან თავისუფალი საქართველო. პირიქით — მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში დასავლეთისგან დისტანცირების მცდელობაც აჩვენა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსიც სწორედ ამ კონტექსტში გაამართლა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები