სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ დასასრულზე საუბრობს — რას პასუხობს ივანიშვილის გუნდი
ხმაურიანი კორუფციული დაკავებები, საკადრო გადაადგილებები და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაწყებული ანგარიშსწორება — სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ რყევებზე მიუთითებს. მოქალაქეების კითხვაზე — „რა ხდება ქართულ ოცნებაში?“ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა Facebook Live-ში განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდში ვითარება „უმძიმესია“, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა იზრდება და პარტია დაშლის პროცესისკენ მიდის.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკმაყოფილება იზრდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ. მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, პროპაგანდა, რომლითაც "ოცნების" ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს ინარჩუნებდა, აღარ მუშაობს, ხოლო საზოგადოებაში გაძლიერებული ნიჰილიზმის მთავარი მიზეზი ბოლო წლებში გამკაცრებული რეპრესიები და საზოგადოების გახლეჩის პოლიტიკაა.
26 მაისის ღონისძიებაზე მისულმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მწვავე რეაქციით უპასუხეს. მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ივანიშვილის გუნდში შიდა დაპირისპირებასა და დაშლის საფრთხეზე ისაუბრა. „ოცნების“ მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ პარტიას კრიზისი არ ემუქრება და პრობლემები ოპოზიციაშია საძებნი.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.