„ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინდელი აქცია საზოგადოების კიდევ ერთხელ გახლეჩვას ისახავდა მიზნად. "ოცნების" ლიდერის ირწმუნება, პროტესტს მუხტი აქვს დაკარგული და ეს გუშინდელმა დღემაც ცხადყო.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ აქციაზე „რადიკალური მუხტის“ შექმნა ვერ შეძლო და „რამდენიმე ათასი ადამიანის“ შეკრება, მისი შეფასებით, მხოლოდ „ფეისბუქ ბაბლს“ წარმოადგენდა.
„როგორც იტყვიან, „რაც არ უნდა მალო ჭირი, ჭირი მაინც თავს არ დამალავს“. არ დამალა ამ ჭირმაც თავი და გუშინ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების: გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა. ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ადამიანებს ზეიმი ჩააშხამონ. გუშინ ვნახეთ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მათ მხრიდან, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ და დაკარგულია დიდი ხანია. ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი არის ზუსტად ის „ფეისბუქ ბაბლი“, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად. სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მათი მოწოდებებითაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოციალურ ქსელებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაენახებინათ საკუთარი თავი, ასე რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მტკიცებით, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპონენტები „დამოუკიდებლობის დღის“ იდეას პოლიტიკური გზავნილებისთვის იყენებენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია „უცხოელების დავალებების შესრულებით“ არის დაკავებული და აქციის მთავარი მიზანი დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიქცევა იყო.
„ნიშანდობლივია რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ვასალური ქცევით, კვლავ იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში, თავადაც არა ერთხელ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებას აორგანიზებდნენ იმისთვის, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. როდესაც დამოუკიდებლობის დღეს, რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები გამოდიან ლოზუნგით, რომ ქვეყანა დაუქვემდებარონ სხვებს... ვნახეთ სხვისი ქვეყნის დროშების ფრიალი ამ აქციაზე, მათი მოწოდებები რომ სხვას დაენახონ, ვიღაცამ ფოტო ნახოს უცხოეთიდან და შეაქონ. ესაა სინამდვილეში „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია. ეს არ არის მხოლოდ პარტიული კუთვნილება, ეს არის იდეოლოგია სხვისი მსახურებისა. ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე ათასი ადამიანი, მე მგონი, უნდა მიხვდეს, რომ მათი „სოცმედიით“ აღტყინებული სიბევრე, სინამდვილეში ზუსტად ის კანტი-კუნტი ადამიანია, რომელიც გუშინ ვიხილეთ რუსთაველზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.