„უსამშობლოები“ და „რადიკალები“ — „ოცნებამ“ პარლამენტის სესია აქციის დისკრედიტაციით დაიწყო

27.05.26 13:27
„უსამშობლოები“ და „რადიკალები“ — „ოცნებამ“ პარლამენტის სესია აქციის დისკრედიტაციით დაიწყო

 

 

პარლამენტში სესია "ოცნებამ" გუშინდელი მრავალათასიანი აქციის დისკრედიტაციით დაიწყო.  „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის დღეს გამართული საპროტესტო აქცია „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ იყო ორგანიზებული და მონაწილეები „უსამშობლოებად“ მოიხსენია.

კირცხალიამ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „ძველ მეთოდებს“ კვლავ გამოიყენებდა.

რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა, დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქცია დააანონსა. ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მათ ამ ნაბიჯზე, ნაბიჯზე, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათში არაფერია არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი. უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი თუკი გავიხსენებთ, რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, როდესაც მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის დაფიქსირება საჯაროდ გაბედეს, ოთხი მხრით გამოამწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმაორებდნენ იმავეს. თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო. ეს იყო ის ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე, წესი და რიგი, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ. თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ, - თქვა ირაკლი კირცხალიამ. 

მწვავე განცხადებები გააკეთა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე კრიტიკა და "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის ძიება „სამარცხვინო და ამორალური ქცევაა“. მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება და „გარედან მფარველების ძებნა“ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს. 

ამ ქვეყნის ღალატი, აქეთ-იეით თვალების ცეცება, რომ ვინმე მოიყვანო ან ვინმეს უკაცრავად და კალთაში ჩაუხტე ან ზურგზე შეახტე იმისთვის, რომ შენი ქვეყანა და ეს მართვა გეგონოს, ეს არის სამარცხვინო და ამორალური. როგორი სამარცხინო და ამორალურია, რომ საკუთარ ქვეყანას ედავებოდე და ადანაშაულებდე ათასგვარ სიბინძურეში. შენი ქვეყანა ასე გძულდეს, ეს წარმოუდგენელია, - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.  

მსგავსი სიახლეები