ივანიშვილის "ოცნება" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პარტიულ ყულაბად აღიქვამს - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
ივანიშვილის "ოცნება" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პარტიულ ყულაბად აღიქვამს - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა ქეთი თურაზაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერის თქმით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად და საბიუჯეტო რესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოსაყენებლად გამოიყენა.
ქეთი თურაზაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" პირობებში ქვეყანაში კეთილდღეობა არ იქნება, სწორედ ამიტომ საჭიროა ახალი და სამართლიანი არჩევნები.
2022 წლიდან დღემდე ჩვენი მოქალაქეების ფული - 376 მილიონი გაიფლანგა. ეს თავად ,,ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2022 წლიდან დღემდე 376 მილიონი ლარი დახარჯა და 30 ათასი “ფიქტიური” სამუშაო ადგილი შექმნა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ივანიშვილის "ოცნება" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პარტიულ ყულაბად აღიქვამს და მოქალაქეების ინტერესები არ აინტერესებს. სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას “ძლიერი საქართველო - ლელო” წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაასაქმა აქტივისტები “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, — თიანეთის კეთილმოწყობის სამსახურში 325 ადამიანი; — მესტიაში სტადიონის დამლაგებლად 143 ადამიანი; — გარემოს დაცვის სამინისტროში ამინდზე დასაკვირვებლად 79 ადამიანი; — მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურში 859 ადამიანი. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არაკომპეტენტური და კორუმპირებული ძალაა ივანიშვილის ,,ოცნება”, რომელსაც არ ადარდებს მოქალაქეების ინტერესები. მათ შექმნეს სისტემა, სადაც მოსაპარად და გასაფლანგად ფული ყოველთვის არის - მაღალჩინოსნებმა ფული მოპარეს ჯარს, თბილისის ბაგა-ბაღების ბავშვებს, უფასო სასადილოებს, ყოფილ პრემიერს სახლში ჰქონდა 7 მილიონი ლარის ნაღდი ფული, მაგრამ არასდროს იძებნება საბიუჯეტო რესურსი ბავშვების წამლისთვის, პენსიის ზრდისთვის, ვეტერანებისა და დევნილების დახმარების ზრდისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების, ასევე სტუდენტების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და დავინახოთ, რომ ,,ოცნების” პირობებში უკეთესობა არ იქნება. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ქვეყანა კრიზისშია და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, - განაცხადა თურაზაშვილმა.