"შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან" - "ხალხის ძალამ" პარლამენტში "ოცნება" გააკრიტიკა

27.05.26 18:23
"შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან" - "ხალხის ძალამ" პარლამენტში "ოცნება" გააკრიტიკა

პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ დღეს პარლამენტში გაზრდილ ჯარიმებსა და მოქალაქეებისთვის ფინანსურ წნეხზე ისაუბრა და "ქართულ ოცნებას" მიმართა.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა და სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით, სოციალური ფონი კიდევ უფრო მკვეთრად მძიმედება. 

ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში, ნუ რიგი მიზეზების გამო, ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა და სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით. საკითხი აქ პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებისა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებაზე, რა გამოდის, რომ ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას? აი ამაზე დასაფიქრებელია. როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, დაჯარიმებასა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში, სამწუხაროდ, ჩნდება გაუცხოება, ეს გაღიზიანება კი ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ," - განაცხადა პარლამენტში "ხალხის ძალის" წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ. 

"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი "ხალხის ძალას" ეთანხმება და ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ჯარიმები ნამდვილად ფინანსური ტვირთია, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია "რაღაცნაირად დაემორჩილოს კანონს და მინიმუმამდე დაიყვანოს ჯარიმების რაოდენობა". 

"ხახის ძალა", როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, საკითხებს უფრო მეტი სიმწვავით და შესაძლოა სხვა რაკურსში ხედავს, თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ ზოგადად ჯარიმა არის ნამდვილად ფინანსური ტვირთი, რომელიც არაერთ ადამიანს აწუხებს. სრულად ვეთანხმები ასევე იმაში, რომ მცირე მეწარმეები და მთლიანად აი ეს სეგმენტი მეწარმეობის, თუ ადამიანების განსაკუთრებულად მოწყვლადია სხვადასხვა ფინანსური ახლად შემოღებული, თუ უკვე არსებული ფინანსური ჯარიმების მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს, ეს ფიზიკური პირი იქნება, თუ მეწარმე აქვს არჩევანი, რომ რაღაცნაირად დაემორჩილოს კანონს და მინიმუმამდე დაიყვანოს ჯარიმების რაოდენობა," - ამბობს ნინო წილოსანი.