დიდი პროტესტი - გაკვეთილი "ოცნებისთვის"

27.05.26 20:18
დიდი პროტესტი - გაკვეთილი "ოცნებისთვის"

"ქართული ოცნების" დეპუტატებს რომ დავუჯეროთ, გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ უნახავთ. ზოგი რეგიონში იყო, ზოგს ტელევიზორი არ ჩაურთავს და არც სოციალურ ქსელში უნახავს ეს კადრები. რჩება განცდა, რომ მათი მიზანი უბრალოდ პროტესტის დემონსტრაციული უგულებელყოფაა. ხოლო ვინც კადრები ნახა, თავებიც დაითვალა. ოღონდ საკუთარი არითმეტიკით. 

პროტესტმა "ოცნება" შეაწუხა და ეს სხდომის გახსნისთანავე გამოჩნდა - პირველი განცხადებაც გუშინდელ დღეს მიეძღვნა. ივანიშვილის პარტია არც პროტესტის მოთხოვნებს პასუხობს და არც შინაარსზე საუბარი უნდა. მისგან თავის დაძვრენა ძველი მეთოდით, წარსულის შეხსენებით სცადეს და ხალხს უთხრეს, რომ პროტესტის მორალური უფლება არ აქვთ. 

საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გუშინ რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა, ოცნებისთვის სულაც არ არის ისეთი უმნიშვნელო, როგორადაც მის წარმოჩენას ცდილობენ. ამ პროტესტის გასაჩერებლად ივანიშვილის პარტია პარლამენტში 2 წელია კანონებს იღებს. ჯერ მოქალაქეებს კანონის ძალით აუკრძალეს პირბადეების კეთება, შემდეგ დაავალეს, რომ საპროტესტო აქციის შესახებ წინასწარ ნებართვა აეღოთ, შემდეგ შეზღუდეს პროტესტის სივრცე, დააკავეს ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო, დააჯარიმეს მოქალაქეები ფეისბუქ პოსტების გამო, დააყადაღეს ფონდები, რომელიც დაკავებულებს ხმარდებოდა. 

რამდენიმე ათასიანი ფრენდ ლისტი - აი ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა გუშინ ქუჩაში გამოსული ხალხის მასშტაბი და თქვა, რომ პროტესტს საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ჯგუფი გამოთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მდგომები მოტყუებულად, ორგანიზატორები კი გარე ძალების მართულებად გამოაცხადა. საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ მოთხოვნების შესრულება არ იქნება. 

დიდი პროტესტი - გაკვეთილი ოცნებისთვის - რუსუდან დუმბაძე თემის დეტალებით