არ ვიცი რაზე საუბრობთ - ბოჭორიშვილი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე
არ ვიცი რაზე საუბრობთ - ასე პასუხობს მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას.
- საუბარია, "გახარია -საქართველოსთვის" მიერ საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ დოკუმენტზე, სადაც ანექსიად არის შეფასებული მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება.
საგარეო საქმეთა მინისტრს ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" "რუსეთის ქმედებები დაგმობილი აქვთ".
რომლ რეზოლუციაზე საუბრობთ, ბევრი რეზოლუციაა, არ ვიცი რაზე საუბრობთ... [9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებაზე] მაგაზე უკვე გვქონდა განცხადება. დაგმობილია უკვე, თქვენ არ ეცნობით ეტყობა განცხადებებს. არ ვდუმვართ"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა არ უპასუხა კითხვას, მოუწოდებს თუ არა საქრთველოს პარლემენტს ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირება მოახდინოს და ოპოზიციის რეზოლუციას მხარი დაუჭიროს.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდმა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციის წარდგენის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
რეზოლუციის პროექტი პუტინისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირებას შეეხება.
რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა. შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს 15 მაისს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, და თქვა, რომ რუსეთი „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.
ფოტო: პუბლიკა