"ველოდებით, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას" - სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე

27.05.26 23:48
"ველოდებით, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას" - სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ელოდებიან "როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას". 

პრესსამსახურის ინფორმაციით, სარჯველაძემ თქვა, რომ "ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს".

"რეალურად გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ ამ დაავადების, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები და არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია არასწორი მოლოდინების შექნა. [...]

რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ძალიან სერიოზულად უნდა გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც იძახიან თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს.

ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა არაერთ სახელმწიფოსთან ძალიან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები, სადაც პრაქტიკულად ზუსტად იგივე საკითხების თაობაზე მსჯელობენ, იქაც ევროპულ სახელმწიფოებში და იქაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს. [...]

თუმცა დიდი იმედი მაქვს ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებაში შესაძლებლობა გვექნება საკმაოდ მალე იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები," - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. [შიფრი: "ტაბულა"]