ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემაზე
ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემაზე - ქვეყნის მეთაური ამბობს, რომ სახელმწიფომ, გორში მომხდარ ძალადობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.
კობახიძე დღეს ტელეკამერების წინ თავს იწონებდა სახელმწიფოს მიერ გამოხატული ჯანსაღი რეაქციით და "ოცნების" "დახვეწილ ხელწერაზე" საუბრობდა.
ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, რადგან ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური და ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. რა თქმა უნდა, არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.
"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა იგულისხმება "დახვეწილი ხელწერაში", ირაკლი კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა:
დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევვაზე. წინა ხელისუფლება ასეთ დანაშუალებებზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს.
"პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხა, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ძალადობა სისტემური და დადგება თუ არა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, სერგი ბზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სისტემურ ძალადობა არის მაშინ, თუ არსებოსბ რეციდივი.
როდესაც მაგალითად კონკრეტულ რეგიონში რაღაცა თუ ხდება სისტემატურად, თუ არის რეციდივი, მაშინ რეგიონსი სამხარეო ხელმძღვანელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე", - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.