კობახიძის განცხადება მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს - გეგელია

29.05.26 15:54
კობახიძის განცხადება მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს - გეგელია

ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი მტრისთვის სასარგებლო, კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს, - ასე ეხმაურება “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან კაია კალასის საპასუხოდ გააკეთა.

გეგელიას თქმით, “ეს არის უკარგესი და უკლასიკურესი დასტური იმისა თუ რატომ არის კობახიძე მოღალატე“.

ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი მტრისთვის სასარგებლო, კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. მაშინ, როდესაც ევროპული კავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებებით ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მოთხოვნილი უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია, ნაცვლად იმისა, რომ კობახიძე და მისი რეჟიმი ორი ხელით ესალმებოდეს ყველა მსგავს ძალისხმევას და მეტიც - თავად მოითხოვდეს იმავეს - ვხედავთ, რომ კობახიძე გამოდის და ამ განცხადებასაც რუსეთის მიერ შეთითხნილი პოლიტიკური რიტორიკით პასუხობს, რომელშიც ამბობს, რომ თურმე ევროპული ბიუროკრატია არ ყოფილა ქართველი ხალხის მხარეს და მათ თურმე ჯერ სხვა ნაბიჯები უნდა გადადგან, აჩვენონ, რომ ქართველი ხალხის მხარეს არიან და მხოლოდ მაშინ იქნება მისასალმებელი ის წინადადება, რომლითაც ქალბატონი კაია კალასი გამოვიდა. ეს არის უკარგესი და უკლასიკურესი დასტური იმისა, თუ რატომ არის კობახიძე მოღალატე,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.
  • მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით“

მსგავსი სიახლეები